5 ტიტული, 180 გოლი – შეძლებს ვინმე მათ შეჩერებას 2016-ში?
2015 წელი “ბარსელონას” წელი აღმოჩნდა. კატალონიურმა კლუბმა ექვსი შესაძლო ტიტულიდან ხუთის მოგება მოახერხა, წელი კი “ბეტისთან” შესანიშნავი გამარჯვებით დაასრულა (4-0). საინტერესოა, თუ რა მოხდება 2016 წელს, შეძლებს კი ვინმე მათ შეჩერებას?
რასაკვირველია, ყველაფერს დრო გვაჩვენებს. არც ისე შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ “წიწილებს ფეხბურთშიც შემოდგომაზე ითვლიან.” განვიხილოთ “ბლანკოსის” მაგალითი, რომელთათვისაც 2014 წელი შესანიშნავი იყო – მოიგეს რა 4 ტიტული და დიდებული რეკორდიც დაამყარეს (22 გამარჯვება მიჯრით), თუმცა შობის შემდგომ ყველაფერი მათ საუბედუროდ შეიცვალა. “თეთრებმა” ის სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.
კატალონიური გრანდისთვის ეს წელი მართლაც რომ არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. “ბლაუგრანამ” 2015 “რეალ სოსიედადთან” მარცხით დაიწყო, ამას ემატებოდა ისიც, რომ უხასიათოდ იყო მათი ლიდერი, ლიონელ მესიც. იმ დროისთვის ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. თუმცა “კამპ ნოუს” თავზე ღრუბელი სულ მალე გაიფანტა, გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგება იზეიმა, რასაც შემდგომში უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოჰყვა.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს 2015-ში სრულყოფილებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. საუბარია ესპანეთის სუპერთასზე, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონები ბილბაოს “ატლეტიკთან” სამარცხვინოდ დამარცხდნენ. ეს სულ რაღაც სამი დღის შემდგომ მოხდა, თბილისში გამართული ბრწყინვალე მატჩის შემდგომ (“ბარსა” 5-4 “სევილია”).
სუარესის დუბლის, მესის გოლისა და ვესტერმანის ავტოგოლის წყალობით კატალონიელებმა მადრიდის “რეალის” რეკორდი დაამხეს, რომლებმაც 2014 წელს 179 გოლი გაიტანეს. ასე რომ ერთი კალენდარული წლის მანძილზე ყველაზე მეტი გოლი “ბარსელონას” აქვს გატანილი – 180, რომელთაგან 137 გამანადგურებელ მსნ-ზე (მესი, სუარესი, ნეიმარი) მოდის.
“მინდა “ბარსელონას” თითოეულ ფეხბურთელსა და ფანს მივულოცო შესანიშნავი წლის შესანიშნავი დასასრული. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი მიზანია, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
“ამ წლის შეფასება ათბალიანი სისტემით რომ მომიწიოს, მე ჩემს გუნდს 9-ს დავუწერდი”, – დაამატა ესპანელთა თავკაცმა.
ამ შედეგის გამეორება ძალიან რთულია, თუმცა არსებობს ერთი გარემოებაც, რომელიც კატალონიელებს იმედის ნაპერწკალს უღვივებს – ეს არის გუნდის ახალწვეულები. როგორც იცით, უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის ჩემპიონებს 2016 წლის ზამთრამდე არ შეეძლოთ ფეხბურთელის დამატება.
დადგა ზამთარი და შესაბამისად, დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდნენ “ბლაუგრანას” ახალწვეულები – ვიდალი და არდა თურანი, რომლებიც შეეცდებიან, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ “ნოუ კამპის” ბინადრები.
ასე რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდისთვის წელი მართლაც რომ ბრწყინვალედ, ანუ შესაბამისად დასრულდა. 2016-ში ამის გამეორება ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელი იქნება. ერთი რამ კი ცხადია, 2016 წელს “ბარსელონას” დამარცხება ყველა გუნდის ოცნება იქნება.
ავტორი: იაკობ კაპანაძე