6-თვიანი დისკვალიფიკაცია “კოლხეთის” ხუთ ფეხბურთელს – მატჩის შედეგზე მანიპულირება
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს.
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კოლხეთის 1913-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.
უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ კოლხეთი 1913-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თფას ანგარიშში არ იკვეთება კოლხეთი 1913-ის მოწინააღმდეგეთა მხრიდან რაიმე სახით გარიგებაში ყოფნის ნიშნები.
სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე კოლხეთი 1913-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.
ვინაიდან, ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილება