69 საჯარიმო დარტყმა – როგორია რონალდუს სტატისტიკა “იუვენტუსში”?
ტურინის “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში მორიგი კრახი განიცადა. ანდრეა პირლოს “ბიანკონერი” საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბენევენტოსთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1).
ზემოხსენებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ. შეხვედრის მიმდინარეობისას პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ორჯერ აიღო საკუთარ თავზე საჯარიმოს შესრულების უფლება და ორივე შემთხვევაში მეტოქის მიერ დაყენებულ ცოცხალ კედელს გაარტყა ბურთი.
სტატისტიკურად, “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ რონალდუს მიერ შესრულებული ყოველი სამი საჯარიმო დარტყმიდან ორს მეტოქე გუნდის ცოცხალი კედელი იგერიებს.
36 წლის კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსში” ერთადერთხელ შეძლო საჯარიმოდან გოლის გატანა. ეს 2020 წლის ივლისის თვეში მოხდა. კრიშტიანუმ სერია A-ს 30-ე ტურის მატჩში “ტორინოს” გაუტანა (4:1).