7 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ევროპაში წასასვლელად მზად არიან
ეროვნული ლიგა დასასრულს უახლოვდება და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდება. მე-2 ადგილზე თბილისის “დინამოა”, მე-3 და კონფერენს ლიგა კი გორის “დილას” რჩება. გავარდა “სამტრედია”, პლეი-აუტში გარანტირებულად “შუქურაა”, “ტორპედო” და “თელავი” ბოლო მატჩებში გაარკვევენ.
Fanebi.com წარმოგიდგენთ ეროვნული ლიგის 7 საინტერესო ფეხბურთელს, რომლებიც ჯერ ევროპაში არ ყოფილან, თუმცა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არიან.
7. იური ტაბატაძე – საბურთალო – 375 ათასი ევრო
მიმდინარე სეზონში “საბურთალო”, სრულებით შეიძლება ითქვას, იური ტაბატაძეზე დგას. 34-დან 34-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა. იურის შეუძლია მარჯვენა მცველად თამაში, მარჯვენა ნახევარმცველად და თავდამსხმელადაც კი. აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა და საკმაოდ დაიხვეწა პასის კულტურაშიც. მაისში 275 ათას ევროდ ფასობდა, 1 ოქტომბრის მონაცემებით კი Transfermarkt-ზე 375 ათას ევროდ არის შეფასებული.
6. გიორგი გულიაშვილი – საბურთალო – 300 ათასი ევრო
გულიაშვილმა 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო, თუმცა სანაკრებო დონეზე პრაქტიკულად შეუჩერებელია და ინგლისის ახაგალგაზრდულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა. გიორგის საოცარი საგოლე ალღო აქვს, არის ძალიან სწრაფი, აქვს კარგი და მოზომილი დარტყმა, განსაკუთრებით უყვარს მეკარისთვის თავზე ბურთის გადაგდება და მისით უკვე დაინტერესდნენ რუსული კლუბები, თუმცა, იმედია, ის არჩევანს ევროპაზე გააკეთებს. თავდაპირველად, ძალიან მოუხდებოდა მისი სტილი ბელგიურ ფეხბურთს. მე პირადად მას ჟორჟ მიქაუტაძესაც ვამგვანებ.
5. ლადო მამუჩაშვილი – დინამო ბთ – 400 ათასი ევრო
24 წლის ვლადიმერ მამუჩაშვილი ბათუმის “დინამოს” შეუცვლელი ფიგურაა. ლადო “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და 2018 წლამდე თბილისში თამაშობდა, თუმცა ბათუმში გადასვლის შემდეგ სრულიად იცვლება მისი კარიერა და კიდევ უფრო მეტად გია გეგუჩაძის მოსვლიდან. მამუჩაშვილმა 34-დან 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. არის უნივერსალი, შეუძლია დადგეს მარჯვენა მცველად და გაჭირვების ჟამს, ცენტრალურ მცველადაც. პენალტებს და ჯარიმებს “დინამოში” სწორედ ლადო ასრულებს, აქვს უძლიერესი დარტყმა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნაკრებშიც გამოძახება დაიმსახურა. “დინამოს” გარდაუვალ ჩემპიონობაში ლომის წვლილი აქვს შეტანილი.
4. სერგო კუხიანიძე – სამგურალი – 225 ათასი ევრო
22 წლის სერგო კუხიანიძე წყალტუბოს “სამგურალის” საუკეთესო ფეხბურთელია. ეროვნულ ლიგა 2-ში შესანიშნავი თამაშის შემდეგ “სამგურალმა” მისი შენარჩუნება შეძლო და უმაღლეს ჩემპიონატშიც მისი დამსახურებით ღირსეული გამოსვლაც მოახერხა. კუხიანიძემ 29 მატჩში 11 ბურთი შეაგდო. გამოირჩევა მაღალი სისწრაფით, სიმაღლის მიუხედავად მაგარი თავური დარტმით და საბრძოლო ჟინით, რაც ვილი სანიოლსაც არ გამოპარვია და ჰოლანდიასთან ნაკრების სადებიუტო მატჩში მიიღო მონაწილეობა. სერგო არ ითხოვს მუდამ ფეხში მიცემას, იხსნება მცველის ზურგს უკან და თვითონ შეუძლია საგოლე მომენტის შექმნა.
3. სანდრო ალთუნაშვილი – დინამო ბათუმი – 400 ათასი ევრო
“საბურთალოს” აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი სანდრო ალთუნაშვილი დღეს ეროვნული ლიგის საუკეთესო გამთამაშებელია. სანდროს აქვს უზადო პასის კულტურა, მოედნის ხედვა და თამაშის დაჭერის უნარი. გია გეგუჩაძის “დინამოში” მამუჩაშვილთან ერთად შეუცვლელ დუეტს ქმნის და ორივე ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ ნაკრების ძირითადშიც მოხვდა. სხვა მისი სტილის ნახევარმცველებისგან განსხვავებით, ძალიან სწრაფად აზროვნებს და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს.
2. თორნიკე კირკიტაძე – ლოკომოტივი – 450 ათასი ევრო
თორნიკე კირკიტაძე არის უსწრაფესი გარემარბი, რომელიც მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ უბრალოდ იფრინა და 80 მილიონიანი გუნდების მცველები ააწიოკა. თორნიკე წლებია “ლოკომოტივის” ღირსებას იცავს, ზაფხულში მისი კვიპროსში წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და “ლოკოში” დაბრუნება მოუწია. ტრავმებმაც უკან დახიეს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და მისთვის ყველაფერი წინაა. შეუძლია მარჯვენა მცველად და მეტოქე ძირითადად მისი ზურგის დანახვას ახერხებს.
1. ირაკლი აზაროვი – დინამო ბათუმი – 650 ათასი ევრო
19 წლის აზაროვი საქართველოს ნაკრების შეუცვლელი მარცხენა მცველია. თბილისის “დინამოში” ნამდვილად ვერ დააფასეს, ბათუმში გადასვლის შემდეგ კი ზოგიერთი ვეტერანი ფეხბურთელი მას ელიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. გამოირჩევა ძალიან ზუსტი დარტყმით, ფლანგზე ჰიპერაქტიული ჩართვებით და ჩემპიონატში საუკეთესო ჩამწოდებლად ითვლება. ზაფხულში მისით თურქული “ტრაბზონი” და “ბორდო” ინტერესდებოდნენ, თუმცა სეზონის ბოლომდე “დინამოში” დარჩება ამჯობინა და სწორადაც მოიქცა. დღეს ირაკლი 650 ათას ევროდ არის შეფასებული, თუმცა მისი რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია. აღსანიშნავია, რომ “დინამო თბილისმა” ის 1 წლის წინ 40 ათას ლარად გაასხვისა.