90-იანი წლების ვარსკვლავების შვილები, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე უკვე თამაშობენ
გასული საუკუნის 90-იანი წლების ფეხბურთის ვარსკვლავების უმეტესობა დღეს აღარ თამაშობს, თუმცა მათ ნაკვალევს მათი შვილები აგრძელებენ. გასულ სეზონებში ევროპის ტოპ ლიგებში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომელთა მამებმაც სპორტის ეს სახეობა ბევრ ბავშს შეაყვარეს.
მარკუს ტურამი
ასაკი: 19 წლის
კლუბი: “სოშო”
მამა: ლილიან ტურამი
მამისგან განსხვავებით, რომელიც მცველი იყო, მარკუსი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. ჯერ-ჯერობით ლილიან ტურამის შვილი გოლების რაოდენობით ვერ გამოირჩევა. გასულ სეზონში, მან ლიგა 2-ში მოასპარეზე “სოშოს” რიგებში ჩატარებულ 23 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. მარკუს ტურამმა საფრანგეთის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც ოთხ მატჩში თავი გატანილი გოლით ერთხელ გამოიჩინა.
ჯასტინ კლუივერტი
ასაკი: 18 წლის
კლუბი: “აიაქსი”
მამა: პატრიკ კლუივერტი
ჯასტინ კლუივერტმა გასულ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა. 18 წლის გარემარბმა ერედივიზიონსა და ევროპის ლიგაზე ეფექტური თამაშით გულშემატკივართა ყურადღება მიიქცია. მან “აიაქსის” რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
პატრიკ კლუივერტი გოლეადორი იყო, მისი ვაჟი კი მეტოქის შეწუხებას ფლანგიდან ცდილობს – ის სისწრაფითა და ტექნიკით გამოირჩევა.
ჯოვანი სიმეონე
ასაკი: 21 წლის
კლუბი: “ჯენოა”:
მამა: დიეგო სიმეონე
ჯიოვანი სიმეონე ფეხბურთის გულშემატკივარმა 2013 წელს გაიცნო, როდესაც “რივერ პლეიტის” პირველ გუნდში გამოჩნდა. 2016 წელს, ის “ჯენოაში” ჩაირიცხა. იტალიაში გატარებულ პირველივე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ჯოვანი თავდამსხმელია, მას არგენტინის 20 და 23-წლამდე ნაკრებშიც უთამაშია.
ენცო ზიდან ფერნანდესი
ასაკი: 22 წლის
კლუბი: “რეალი”
მამა: ზინედინ ზიდანი
მადრიდის “რეალის” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ზინედინ ზიდანის ოთხი შვილი თამაშობს. ენცო ზიდანს “სამეფო კლუბის” პირველ გუნდში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ენცო ესპანეთის თასზე, “ლეონესას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზინედინ ზიდანმა თავისი შვილი ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის 23-კაციან განაცხადში შეიყვანა.
იანის ჰაჯი
ასაკი: 18 წლის
კლუბი: “ფიორენტინა”
მამა: გეორგე ჰაჯი
იანის ჰაჯი გამორჩეული რუმინელი ფეხბურთელის, გეორგე ჰაჯის შვილია. ისიც, მამის მსგავსად, შემტევი ნახევარმცველია. 18 წლის ფეხბურთელი გასულ წელს “ვიტორულიდან” “ფიორენტინაში” გადავიდა. მას თამაში, ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში უწევს, თუმცა სერია A-ში უკვე ორის მატჩის ჩატარება მოასწრო. იანისმა რუმინეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების მაისური მოირგო.
ლუკა ზაჰოვიჩი
ასაკი: 21 წლის
კლუბი: “მარიბორი”
მამა: ზლატკო ზაჰოვიჩი
ზლატკო ზაჰოვიჩს “ვალენსიაში”, “პორტუში”, “ბენფიკაში”, “ოლიმპიაკოსსა” და “პარტიზანში” უთამაშია. ის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი იყო, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, ამის მიზეზი კი, დიდწილად, ისაა, რომ მწვრთნელებთან პრობლემები ხშირად ექმნებოდა. მისი შვილი – ლუკა ზაჰოვიჩი თავდამსხმელია, რომელმაც სლოვენიაში, “მარიბორის” რიგებში ჩატარებულ 88 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
ჯორდან ლარსონი
ასაკი: 19 წლის
კლუბი: “ნაიმეგენი”
მამა: ჰენრიკ ლარსონი
ჯორდანმა პროფესიონალური კარიერა “ჰელსინგბორგში” დაიწყო, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. მამის მსგავსად, ისიც თავდამსხმელია. ჯორდანი 2017 წლის დასაწყისში “ნაიმეგენში” გადავიდა. მან ერედივიზიონში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.