დეშამის 11 პრობლემა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.
„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში 4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.
„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.
ბექა დოგრაშვილი