გადაუხდელი სიყვარული
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე უზომოდ შეყვარებული ირლანდიელი ქომაგის შესახებაა. დუბლინის მკვიდრი დევიდ ფინი სამშობლოდან შორეულ ავსტრალიაში 16 წლის წინათ გადაიხვეწა. საბედნიეროდ, ევროპიდან ავსტრალიაში საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციის განხორციელების პრობლემა არ დგას. ფინიც ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ეროვნული ნაკრების მატჩების ტელევიზიით ხილვის შესაძლებლობა, თუმცა…
გასულ კვირას მისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა: ფინიმ ტელეპროგრამაში ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ვერ იპოვა. ადგილობრივ ტელევიზიებში მას განუმარტეს, რომ აღნიშნული შეხვედრის ტრანსლირებას არ გეგმავდნენ. 38 წლის ფინიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო…
საზრიანი ქომაგი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული მატჩის ჩვენებაზე უფლებებს ფლობდა: „ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩვენებაზე ამ თქვენი უფლებების შეძენა მინდა“.
კომპანიის თანამშრომლები ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ განაცვიფრა და დევიდი ზრდილობიანად უარით გაისტუმრეს. ჯიუტმა ირლანდიელმა ხელი არ ჩაიქნია და მეორე დღეს კომპანიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას მწვანე შუქი აუნთეს.
ტრანსლაციის განხორციელებაზე ფინი იმ ტელეარხს მოელაპარაკა, რომელიც ბარებში, კაზინოებსა და ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია. ნაკრებისადმი სიყვარული დევიდ ფინის რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.
– დევიდ, საიდან გაქვთ ამდენი პირადი თანხა? – დაინტერესდა ჟურნალისტი.
– არც მქონია და არც მაქვს. ყველაზე რთული ჩემი მეუღლის დარწმუნება იყო. მეწინააღმდეგებოდა, თუმცა სიტყვა მივეცი, რომ რასაც ამ ტელეტრანსლაციისთვის დახარჯავდა, უკლებლივ უკან დაუბრუნდებოდა.
ირლანდიელმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში მცხოვრები მათი თანამემამულე ვერ გაახარეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.
ბექა დოგრაშვილი