ფინელთა თავკაცი: „მეტის გატანა შეგვეძლო“
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში გამართული ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან ანგარიშით 0:1 დათმო. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა განაცხადა, რომ მის გუნდს მეტო გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა არც ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მისამართით დაიშურა საქებარი სიტყვები..
– როგორ შეაფასებდით მატჩს?
– საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. სწრაფ ფეხბურთს აჩვენებს. ძლიერი დაცვითა და ნახევარდაცვით გამოირჩევა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეტის გატანა შეგვეძლო.
საქართველოს ნაკრები შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. წილისყრის შემდეგ ცხადი იყო, რომ საქართველო, ფინეთი და ბელორუსი ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე თამაშს ვაუმჯობესებდით. ნებისმიერ გუნდს უჭირს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში.
– რამდენად სამართლიანი იყო დანიშნული პენალტი? როგორ შეაფასებდით მატჩს, თქვენ რომ იყოთ საქართველოს ნაკრების თავკაცი?
– ის მომენტი კარგად ვერ დავინახე, ბევრი ფეხბურთელი მეფარებოდა. მსაჯმა ხშირ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ ვიყო, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიქნებოდი. ფინეთის ნაკრებს მეტი შანსი ჰქონდა. სამი-ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო.
– ბოლოს შემტევი ფეხბურთელები შეუშვით. იგრძენით, რომ კიდევ შეგეძლოთ გატანა?
– როდესაც საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა, ტაქტიკურად საინტერესო თამაში გაჩაღდა. ამ დროს ადვილი მისაღები იყო ეს გადაწყვეტილება.
– საქართველოს ნაკრებიდან ვის გამოარჩევთ?
– ქართველმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. რთული იყო საქართველოს ნაკრების დაცვის წინააღმდეგ თამაში. აქ ნებისმიერ გუნდს უჭირს. საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა.
– აღნიშნეთ, რომ ფინეთის ნაკრები მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშს. რამდენად რეალურია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ფინეთისა და საქართველოს მსგავსი დონის გუნდების გასვლა?
– ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა გვინდა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. არ არის გამორიცხული, მე-3 ადგილი ისევ დავიკავოთ და გავიდეთ. შეიძლება 2018 წლის რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ჩვენი მიზანი საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში იქნება.
– ბელორუსის ნაკრებსაც ეთამაშეთ და საქართველოსაც. მეტოქედ რომელი გუნდი უფრო რთულია?
– რთული სათქმელია. ორივე გუნდთან მძიმე თამაში გამოვიდა. ჩემი ნაკრები ასეთი დონის გუნდებთან თამაშით გამოცდილია.
ბექა დოგრაშვილი