ვალტერ მაცარი: „იტალიაში ხალხი შედეგს უყურებს, მე – თამაშის ხარისხს“
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში შედგება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუხვდება. „ნერიაძურის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამბობს, რომ „ხნიერ ქალბატონთან“ გასამართი მატჩი მისი გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება. მისი თქმით, „ინტერმა“ ყურადღება, პირველ რიგში, ხარისხიან თამაშს უნდა მიაქციოს.
„იტალიაში ხალხი რეზულტატს უყურებს, თუმცა მე ყურადღებას თავად ფეხბურთზე ვაკეთებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ თამაშობს გუნდი. ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საყაიმო ანგარიშით მოხარული ვიქნები. მინდა, რომ „ინტერმა“ თავისი დონის შესაბამისი ფეხბურთი აჩვენოს. ასეთ შემთხვევაში, შედეგიც მისაღები იქნება. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. გუნდი ითამაშებს იმ ტაქტიკით და ფეხბურთელებით, რომელთაც „იუვენტუსისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, – ამბობს „ინტერის“ თავკაცი.
მაცარიმ გაკვირვება გამოთქვა იმ ჭორზე, რომლის მიხედვითაც, მასსა და ტურინული გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის კონფლიქტი არსებობს.
„არ ვიცი, ჩვენს შორის რა მოხდა. თუ ამის გარკვევა გნებავთ, თავად მას ჰკითხეთ. ისეთი არაფერი მითქვამს, რომ კონტეს შეურაცხყოფად მიეღო. ერთადერთი რამ, რაც თავის დროზე ვთქვი, ის იყო, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ სათამაშო მოდელს იყენებდა. ეს კომპლიმენტი იყო და არა – კრიტიკა. კონტეს წყენინება არ მინდოდა“, – დაასრულა მაცარიმ.
ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი