რომელი ინგლისელი ფეხბურთელი მოსწონს ყველაზე მეტად ზლატანს?
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი მოსწონს. შვედმა დაამატა, რომ რუნისთან ერთად თამაშს ისურვებდა.
„მომწონს, როგორ თამაშობს რუნი. მე მას საოცარ ფეხბურთელად ვთვლი. წარმომიდგენია, როგორ ითამაშებდა ის ჩემთან ერთად ერთ გუნდში. ვთვლი, რომ რუნი მხოლოდ ფეხბურთელი არ არის, რომელიც სეზონში 40 გოლს იტანს. ის ორი-სამი მოთამაშის სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს ბევრი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. როგორც ჩანს, მას გამარჯვებულის სული აქვს. ჩემს მსგავსად, არც მას უყვარს წაგება“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს „ბიბისი“.
„ვთვლი, რომ მის გარშემო გიჟური ამბები ხდება. ჩემს მსგავსად, ისიც იმპულსური ბიჭია. ფეხბურთში იდეალური არავინ არის. ის თავისივე შეცდომებზე სწავლობს, რაც ძალიან მომწონს. ის ისეთია, როგორიც არის და ეს მნიშვნელოვანია. ინგლისელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად სწორედ რუნი მომწონს“, – დაამატა ზლატანმა.
ბექა დოგრაშვილი