მანჩინი იტალიის ნაკრების შესაძლო ჩაბარებაზე ალაპარაკდა
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მზადყოფნას გამოთქვამს, იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანიშვნის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩეზარე პრანდელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება.
„თუ იტალიის ნაკრებში მუშაობას შემომთავაზებენ, წინადადების განსახილველად მზად ვარ. ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია. აქვე უნდა დავძინო, რომ საკლუბო მუშაობა ძირეულად განსხვავდება ეროვნულ ნაკრებში მუშაობისგან. კარგად იცით, როგორც ხდება ფეხბურთში. თუ ერთ დღეს სახლში ხარ, მეორე დღეს კლუბისგან ან ნაკრებისგან სატელეფონო ზარი გაისმის და შენც სპორტული ფორმით საწვრთნელ მინდორს უბრუნდები“, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.
ბექა დოგრაშვილი