გაგამ ბალანსი გაანულა
ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ნაკაბი, ანუ იგივე შუაწელი (მე-8 ტური) მიილია და ორთბძოლებიც ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში გადადის.
ლიდერთა ჯგუფს ორი სუმოისტი გამოეყო, რომლებიც რეალურად ბაშოს მოგების უმთავრესი კანდიდატები იყვნენ თავიდანვე და დღესაც მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან. ესენი არიან: იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელიც კვლავ დაუმარცხებლად მიიწევს 27-ე საჩემპიონო ტიტულისკენ და ოძეკი კისენოსატო, რომელსაც მხოლოდ 1 მარცხი აქვს ჯერ-ჯერობით პასივში.
რაც შეეხება ჩვენს გაგამარუს, მან საკმაოდ რთული და მეტად მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა მოიგო გუშინ. გაგამ იაპონელთა ამომავალი ვარსკვლავი, მე-13 მაეგაშირად განთესილი, 23 წლის ენდო დაამარცხა, ოშიტაოშის ილეთით და ნულოვან ბალანსზე გავიდა.
ქართული სახელის (შოთა) მქონე იაპონელს, ჩვენმა გოლიათმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და აიძულა ნელ-ნელა უკან დაეხია. მალევე გაგამ დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია მეტოქე და მძლავრად მოქნეული მჯიღით დარბაზში გადაუშვა.
ეს უკვე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იყო გაგასთვის, სულ კი ქართველ გოლიათს 4 მოგება მოუგროვდა ბაშოზე, ამდენივე მარცხის საპირისპიროდ. სასიხარულოა, რომ ცუდად აღებული სტარტის შემდეგ, ჩვენი სეკიტორი ნელ-ნელა იუმჯობესებს მდგომარეობას.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ოსი სუმოისტი, არანი (იგივე ალან გაბარაევი) იქნება, რომელიც მე-7 მაეგაშირად გახლავთ განთესილი. გაგას მასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, დოჰიოს მიღმა, თუმცა დოჰიომ მეგობრობა არ იცის და შერკინებისას ყველა მეტოქე მეტოქეა. ამაზე მეტყველებს მათი ურთიერთშეხვედრათა უკომპრომისო დაპირისპირების ისტორიაც, სადაც ჩვენებურს მცირე უპირატესობა აქვს ალანიელთან – 4:3. სათქმელია ისიც, რომ გაბარაევი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება მიმდინარე ბაშოზე – მის ანგარიშზე ამ დროისათვის 3 მოგება და 5 მარცხია.