დიდი დაპირისპირება: ტოპ 10 “არსენალი” – “მანჩესტერი” 21-ე საუკუნეში!
ეს ის ორი გუნდია, რომელთა დაპირისპირებასაც თამამად შეგვიძლია, მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის ინგლისური ფეხბურთის ისტორია ვუწოდოთ. არსენ ვენგერისა და სერ ალექს ფერგიუსონის ჭიდილი უკვე კლასიკაა და თანამედროვე ფეხბურთის ყველა მოყვარული ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, რომ ეს კლასიკა ორიოდ დღეში ჩვენს თვალწინ აგერ უკვე მერამდენედ გაცოცხლდება.
ინგლისურ ფეხბურთში ლონდონის “ჩელსის” და ახლა უკვე “მანჩესტერ სიტის” გამოჩენის შემდეგ, პრემიერლიგის მწვერვალისთვის ბრძოლები გასცდა მხოლოდ ამ ორი გუნდის შიდა დაპირისპირების საზღვრებს, მაგრამ ახლაც, 21-ე საუკუნეშიც, გამორიცხულია “მეთოფეებისა” და “ეშმაკების” მატჩი ვინმემ მორიგი უიქ-ენდის მორიგ მატჩად მიიჩნიოს. გადავწყვიტეთ, თქვენთვის, ბოლო ათწლეულში ამ გუნდებს შორის ჩატარებული 10 ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა წარმოგვედგინა.
25 ნოემბერი, 2001: არსენალი 3-1 მანჩესტერ იუნ. |
ჰაიბერული მატჩი, რომლის დავიწყებასაც “იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კიპერი, ფაბიენ ბარტეზი ალბათ დღესაც უშედეგოდ ცდილობს.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სეზონის პირველ ნახევარში შედგა, “არსენალიც” და “მანჩესტერიც” ტრადიციულად ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და შეხვედრას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
მე-80 წუთამდე მატჩი მშვიდად მივიდა. ანგარიში მე-14 წუთზე პოლ სქოულზმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი წონასწორობა ფრედი ლიუნბერგმა აღადგინა. მე-80 და 85-ე წუთებზე კი ფაბიენ ბარტეზმა ორი “სასწაული” ჩაიდინა და ტიერი ანრის შობამდე ზუსტად ერთი თვით ადრე უძღვნა საშობაო საჩუქრები.
8 მაისი, 2002: მანჩესტერ იუნ. 0-1 არსენალი |
შეხვედრა, რომელშიც “იუნაიტედის” მიზანი მიზერული საჩემპიონო შანსების შენარჩუნება, “არსენალისთვის” კი ტიტულის საძულველი მეტოქის სტადიონზევე მოპოვება იყო.
“მეთოფეები” ამ მატჩს 11 მატჩიანი გამარჯვებების სერიით შეხვდა, ამ რბოლის შეჩერება ვერც “ოლდ ტრაფორდულმა” ტრიბუნებმა შეძლეს, სილვიან ვილტორის გოლით ვენგერმა და კომპანიამ 1:0 მოიგეს.
არსენალი ჩემპიონი გახდა და მანჩესტერშივე გამართული ზეიმი ლონდონელთა ფანებს ალბათ არც არასდროს დაავიწყდებათ, მითუმეტეს, რომ “იუნაიტედმა” ის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა. ცნობისთვის, ამაზე ცუდი შედეგი “მანჩესტერს” პრემიერლიგის დაარსებიდან მოყოლებული არ ჰქონია…
16 აპრილი 2003: არსენალი 2-2 მანჩესტერ იუნ. |
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც პრემიერლიგის დასრულებამდე სულ რამდენიმე ტურით ადრე გაიმართა და ტიტულის მოსაპოვებლად მიმდინარე უშეღავათო ბრძოლაში უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა.
ჯერ კიდევ მარტში “მეთოფეები” “მანჩესტერთან” 8 ქულიანი უპირატესობით იწონებდნენ თავს, მაგრამ “ეშმაკებმა” შეძლეს და ამ მატჩისთვის უკვე თავად იყვნენ წინ სამი ქულით, თუმც “არსენალს” ერთი შეხვედრა ჩასატარებელი ჰქონდა და ბურთების შეფარდებითაც მეტოქეზე წინ გახლდათ, რაც გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად ლონდონელთა ტრიუმფს ნიშნავდა პრემიერლიგაში.
მატჩი რუუდ ვან ნისტელროის სოლო რეიდით და გატანილი გოლით დაიწყო, რასაც ტიერი ანრის დუბლი და რაიან გიგზის გოლი მოჰყვა. მატჩის მნიშვნელობას ხაზი სოლ კემპბელის გაძევებამ გაუსვა. საბოლოოდ, 2:2, რამაც გული უფრო “იუნაიტედის” ქომაგებს დასწყვიტა, თუმცა სულ ტყუილად. მალე, სემ ელერდაისის “ბოლტონი” “არსენალს” შოკში ჩააგდებს და “მანჩესტერს” მისცემს შანსს, რომელსაც, როგორც წესი, ალექს ფერგიუსონი ყოველთვის იყენებდა ხოლმე…
21 სექტემბერი 2003: მანჩესტერ იუნ. 0-0 არსენალი |
ნულოვანი ფრით დასრულებული მატჩის ამ სიაში მოხვედრა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს გახლდათ შეხვედრა, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა.
მატჩში მთავარი მოვლენა უკანასკნელ წუთზე მოხდა, როცა მარტინ კეონმა დიეგო ფორლანი საჯარიმოში წააქციადა “იუნაიტედის” ერთ-ერთმა ლიდერმა და პენალტების უბადლო შემსრულებელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ბურთი ხარიხას გაარტყა…
მარტინ კეონი და თითქმის მთელი “არსენალი” ჰოლანდიელთან მიიჭრა და დაახლოებით იმ ფრაზას უყვიროდა, ქართულად “სამართალმა პური ჭამა”-დ რომ ითარგმნება, შედეგად, შეხვედრის ხმაურიანი დასასრული და ამ ორი გუნდის გულშემატკივარს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა მივიღეთ, თავად ნისტელროი კი წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარებს, რომ ეს მომენტი მის კარიერაში ერთ-ერთია იმ იშვიათთაგან, რომლის გახსენებაზეც ყველაფრის ხალისი ეკარგება და ოცნებობს, კიდევ ერთხელ დადგეს პენალტის ნიშნულთან, მაგრამ…
24 ოქტომბერი, 2004: მანჩესტერ იუნ. 2-0 არსენალი |
წინა მატჩიდან ზუსტად 13 თვის შემდეგ “არსენალი” “ოლდ ტრადორდზე” საოცარი რეკორდით, 49 მატჩიანი წაუგებელი სერიით დაბრუნდა. შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა და საინტერესო ბევრი არც არაფერი ხდებოდა, სანამ საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე “იუნაიტედის” მაშინ ჯერ კიდევ ახალწვეული უეინ რუნი საჯარიმოში არ წაიქცა და მიკ რაილიმ რუუდ ვან ნისტელროის წინა წლის უიღბლობის დავიწყების საშუალება არ მისცა, რაც “რუდი გოლმა” გამოიყენა კიდეც.
მატჩის ბოლოს რუნიმ უკვე თავისი გოლი გაიტანა და “მანჩესტერმა” დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმც დასამახსოვრებელი არა იმით, რაც ამ წუთას გაიფიქრეთ, 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულებასთან ერთად იმ წელს არსენ ვენგერისთვის კიდევ ერთი რამ დასრულდა, თანაც ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით, მას შემდეგ “მეთოფეები” “ოლდ ტრაფორდზე” ჩემპიონის რანგში აღარ ჩასულან…
1 თებერვალი, 2005: არსენალი 2-4 მანჩესტერ იუნ. |
შეხვედრა, რომელიც ამ სიაში უფრო მისი სანახაობრიობის გამო შევიყვანეთ, ვიდრე სატურნირო ცხრილში არსებული დაპირისპირების და ამ მხრივ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ტრილერის პირველი ტაიმი “არსენალმა” 2:1 მოიგო. “ეშმაკებიდან” გოლი რაინ გიგზმა გაიტანა, მასპინძელთა რიგებში კი თავი დენის ბერგკამპმა და პატრიკ ვიეირამ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმში “მანჩესტერი” საკუთარ თავს ნაკლებად ჰგავდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი კრისტიანო რონალდოს კარიერის ადრეულ ეტაპზე, რომელშიც მან ორი წუთის ინტერვალით ორჯერ დაამწუხრა ლონდონური პუბლიკა, საკონტროლო გასროლა და ჯონ ო’შიმ განახორციელა, რომელმაც ალმუნიას კარი მისთვის უჩვეულო სტილში დალაშქრა და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.
გეხსომებათ ალბათ, იმ წელს პრემიერლიგა ვერც “არსენალმა” მოიგო და ვერც “მანჩესტერმა”, ეს ხომ ჟოზე მაურინიოს “არისტოკრატიული” ერის დასაწყისი გახლდათ…
12 მაისი, 2005: არსენალი 0-0 მანჩესტერ იუნ. (5-4 პენ.) |
მიუხედავად პრემიერლიგაში წარუმატებლობისა, “არსენალსაც” და “მანჩესტერსაც” სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შანსი ასოციაციის თასის ფინალში მიეცათ, რომელიც უკეთ “მეთოფეებმა” გამოიყენეს.
ბევრის გასაკვირად, შეხვედრა “იუნაიტედის” სრული უპირატესობით წარიმართა და ის, რომ “არსენალის” კარში გოლი არ გავიდა, საფეხბურთო ფორტუნის დამსახურებაა. ლონდონელებს 120 წუთის შემდეგ დანიშნულ საფეხბურთო ლატარეაშიც გაუმართლათ, გადამწყვეტი პენალტი პოლ სქოულზმა გააფუჭა, სანუკვარი ჯილდო თავსზემოთ პატრიკ ვიეირამ აღმართა, “მანჩესტერმა” კი სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.
21 იანვარი, 2007: არსენალი 2-1 მანჩესტერ იუნ. |
“იუნაიტედი” “ემირეითსზე” გამართული ამ მატჩის სადავეებს სრულად აკონტროლებდა და უეინ რუნის გოლით იგებდა კიდეც, როცა ჯერ რობინ ვან პერსიმ გაათანაბრა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ტიერი ანრიმ ბრწყინვალე თავურით გამარჯვება მოუტანა “არსენალს”.
მიუხედავად იმ სეზონში “არსენალთან” ორივე მატჩის წაგებისა, “მანჩესტერმა” შეძლო და ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მოიპოვა პრემიერლიგის უპირველესი გუნდის ტიტული, რასაც შემდეგ წლებში კიდევ რამდენიმე დიდი გამარჯვება მოჰყვა. ზემოთ “მაურინიოს” “არისტოკრატული” ერა ვახსენეთ, ამ სეზონიდან კი უკვე ალექს ფერგიუსონის რიგით უკვე მერამდენე, ახალი მანჩესტერული კრებული იკრებდა ძალებს, კრისტიანო რონალდოს მეთაურობით.
5 მაისი, 2009: არსენალი 1-3 მანჩესტერ იუნ. |
შეხვედრა, რომელმაც “არსენალის” უამრავ ფანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრის იმედები დაუსამარა.
ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველი ნახევარფინალი ოლდ ტრაფორდზე “მანჩესტერის” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, რაც “არსენალს” სანუკვარი მიზნის მიღწევის არცთუ მცირე შანსებს აძლევდა, მაგრამ ეს შანსი მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე გაანიავეს, როცა ჯერ ჯი-სუნგ პარკმა ისარგებლა კირან გიბსის შეცდომით, შემდეგ კი ალმუნიამ ვერ შეძლო რონალდოს ჯარიმის მოგერიება.
რონალდომ კიდევ ერთი გოლი ბრწყინვალე კონტრშეტევის შემდეგ გაიტანა, ანგარიში 3:0 გახადა და “არსენალის” ყველა მცდელობამ, მდგომარეობის გამოსწორებისა, აზრი დაკარგა. ერთადერთი რამ, რასაც “მანჩესტერის” ზეიმის გაუფერულება შეეძლოთ, ფარენ ფლეტჩერის გაძევება გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ შოტლანდიელი ფინალში ვერ ითამაშებდა.
როცა რობინ ვან პერსიმ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა, სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო. ფერგიუსონის შეგირდები თავაწეულები გაემართნენ რომში, ბოლო ორ სეზონში მეორე ჩემპიონთალიგური ფინალის სათამაშოდ, რომელშიც ისინი “ბარსელონასთან” დამარცხდებიან…
28 აგვისტო, 2011: მანჩესტერ იუნ. 8-2 არსენალი |
მატჩი, რომელშიც ძალიან დასუსტებული “არსენალი” ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფორმაში მყოფ “იუნაიტედს” ეწვია და შედეგიც შესაბამისი მიიღო. პერიპეტიების გახსენებას აზრი არ აქვს, მითუმეტეს, რომ “მეთოფეთა” ქომაგებს მის გახსენებას ალბათ ყველა სხვა მარცხის კიდევ ერთხელ განცდა ურჩევნიათ, თუმცა მეორეს მხრივ, “მანჩესტერელ” ფანებს, კიდევ დიდხანს გაჰყვებათ საამაყოდ, ამ შედეგს “არსენალი” ალბათ კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხანი ვერ გაიმეორებს.
ვნახოთ რა იქნება ზეგ, როცა ორი დიდი გუნდი კიდევ ერთხელ შეხვდება ერთმანეთს და თუ “იუნაიტედი” “სიტისთან” ჩამორჩენის გაბათილებას ეცდება, “არსენალის” მიზანი საჩემპიონო ბრძოლაში ჩაბმა იქნება. შეხვედრას განსაკუთრებულ ელფერს კიდევ ერთი, უფრო სწორად ორი ფაქტორი სძენს, ორივე ამ გუნდს ხომ თავისი ლეგენდა, “მეთოფეებს” ტიერი ანრი, მანჩესტერელებს კი უბერებელი პოლ სქოულზი დაუბრუნდა.