„იუვენტუსმა“ პირლოს საქციელის შემდეგ გუნდში ახალი წესი შემოიღო
მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „ვერონას“ შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „ხნიერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდის ნახევარმცველი ანდრეა პირლო შეცვალა. 34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ ისურვა და მოედნიდან პირდაპირ გასახდელში ჩავიდა. პირლოს ამ ქმედების შემდეგ, გუნდში ახალი წესი დამკვიდრდა.
„პირლოს საქციელის განხილვას საჭიროდ არ ვთვლი. აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ გვქონია. ამიერიდან ახალი წესი გვაქვს, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე გავრცელდება: მატჩის დროს შეცვლილ ფეხბურთელს პირდაპირ გასახდელში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფეხს მოიტეხს, ანდაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, შეცვლილი მოთამაშე მატჩის საფინალო სასტვენამდე სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს“, – განაცხადა კონტემ.
აღნიშნული წესის დარღვევა ფულად ჯარიმასა და ერთი თვის განმავლობაში უთამაშებლობას ითვალისწინებს.
ბექა დოგრაშვილი