“ტორპედო” – “სპარტაკი” 2:2 და საბანაძის სუპერგოლი
25 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ მიიღო.
დღევანდელ მატჩში ჟერარდ სარაგოსა მულეტმა „ტორპედო“ ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე.
თამაშის დაწყებისთანავე „ტორპედო“ შეტევაზე იყო ორიენტირებული, „სპარტაკი“ კი კონტრიერიშებით გვპასუხობდა, რაც საკმაოდ სახიფათო გამოდიოდა. მე-18 წუთზე, მეტრეველი დარჩა პირისპირ ქვილითაიასთან, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა ოპონენტს აჯობა. იქამდე კი ტორპედოელთაგან საბანაძე, მზევაშვილი და სულთანიშვილი ცდილობდნენ ბურთის მიზანში გარტყმას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუვიდა. მე-19 წუთზე, ტორპედოელთა დაცვით ხაზს ვახტანგ ფანცხავა გამოეპარა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 25-ე წუთზე, საშუალო დისტანციიდან მზევაშვილი დარტყმული ბურთი მეკარეს მიუვიდა ხელებში. 30-ე წუთზე, „სპარტაკი“ სამჯერ გადაურჩა გათანაბრებას, ჯერ საბანაძეს მოუგერია მეკარემ, მერე კუთხურის შემდეგ ცინცაძეს, ბოლოს კი ჩამატებაზე ჭელიძემ იმოქმედა არაზუსტად. „ტორპედო“ შესვენებაზე მდევრის რანგში გავიდა.
მეორე ტაიმში „ტორპედო“ უფრო მეტად გააქტიურდა, რამაც მალევე გამოიღო შედეგი, 47-ე წუთზე, ნიკა საბანაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ელეგანტური დარტყმით ბურთი ნანიევის კარში „ჩაჭედა“ და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 50-ე წუთზე, საბანაძის მორიგი სახიფათო დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. 53-ე წუთზე, სტუმართა იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა, მარცხენა მხრიდან ჩაწოდებული ბურთი ქვილითაიამ ვერ შეიმაგრა ხელებში, რითაც ვახტანგ ფანცხავამ ისარგებლა და მეორედ გაიტანა – 1:2. 55-ე წუთზე, ნანიევმა ამჯერად კუხიანიძეს მოუგერია ბურთი. 73-ე წუთზე, უბილავამ ბურთი კარგად ჩააწოდა კარის გასწვრივ, სადაც მას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ეფექტური თავური დარტყმით მანაც მიითვალა დუბლი – 2:2. დარჩენილი ოც წუთშიც, „სპარტაკმა“ დროის გაყვანის არაერთ ხერხს მიმართა და წარმატებით გამოუვიდა კიდეც და რომ არა, ქვილითაიას მოსაწონი თამაში მათ, 87-ე წუთზე, კიდევ ერთხელ დაწინაურებაც შეეძლოთ.. იქამდე, მე-80 წუთზე, სტუმრებს ხარიხამ „უშველა“, მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ წყვილს შორის გამარჯვებული საპასუხო მატჩით ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება.
FCTorpedo.GE