ვენგერი: “მიყვარს “არსენალი”
როგორც ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი აცხადებს, იგი მზადაა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი სპეციალისტი “მეთოფეებს” სათავეში 1996 წლიდან უდგას. ამ ზაფხულს გავრცელდა ჭორები, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც 2014 წლის ზაფხულამდეა ძალაში, შესაძლოა მან ლონდონური კლუბის სამწვრთნელო შტაბი დატოვოს.
ინგლისელთა თავკაცმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონმა შესაძლოა მის ლონდონურ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინოს, მაგრამ როგორც “არსენალის” მფლობელმა სტენ კრენკემ განაცხადა, ვენგერს კვლავ შესწევს ძალა,გუნდს წარმატებით უხელმძღვანელოს.
“სტენ კრენკეს მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი პატივია. მისი აზრით, მე კიდევ შემიძლია კლუბისთვის რამის გაკეთება. ამ სიტყვებმა ჩემზე დადებითი გავლენა მოახდინა”, – აცხადებს არსენ ვენგერი.
“აქ დარჩენა სამუდამოდ მსურს. მე მიყვარს “არსენალი”.
“წლების მანძილზე უამრავი წინადადება უარით გავისტუმრე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ “არსენალი” სპეციალურად ჩემთვის შექმნილი კლუბია. ჩემს ხელთაა გუნდი, რომელსაც უდიდესი კონკურენციის გაწევა შეუძლია. იმედია, ამ სეზონში წარმატების მიღწევას შევძლებთ”, – დაასრულა ფრანგმა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის “არსენალი” პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში იმყოფება.
სანდრო საპანაძე