დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტური
30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ლანჩხუთის ”გურიის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ტერზიჩი (გიორგაძე, 46 (ნაცვლიშვილი, 76)), რობაქიძე, შალამბერიძე, ახალაძე, ჭანკოტაძე, რეკრუკი (მიქელთაძე, 46), ენდელაძე, სარდალიშვილი, კვარაცხელია (ლაშხია, 46), კვერნაძე (მაკარიძე, 51).
შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და 16-ე წუთზე მათი სწრაფი შეტევა ოთარ კვერნაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. მარგველები ამის შემდეგაც განაგრძობდნენ შეტევებს ლანჩხუთელთა კართან და რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მათთვის სამწუხაროდ, ანგარიშის გაზრდის ყველა ეს შესაძლებლობა გააცუდეს.
სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დებიუტში, 54-ე წუთზე, მოახერხეს – ზუსტი დარტყმით თავი გუგა მახარაძემ გამოიჩინა. ამის მიუხედავად, მალევე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ – 60-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ გრძელი გადაცემით სტუმართა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ავთო ენდელაძე, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
იმერლებმა საქმე გაკეთებულად ნაადრევად ჩათვალეს და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც – 70-ე და 71-ე წუთებზე ლანჩხუთელთა შემტევმა თეიმურაზ შარაშენიძემ ზედიზედ ორჯერ შეირგო ზესტაფონელ მცველთა “საჩუქრები”, დუბლიც გაიფორმა და თავის გუნდიც დააწინაურა.
87-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა – მარგველთა ერთ-ერთი შეტევისას ლანჩხუთელი მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნულიყო, თუმცა მატჩის არბიტრმა მასპინძლებს შეტევის დასრულების საშუალება მისცა და მიხეილ სარდალიშვილმა თავის შანსი მშვიდად გამოიყენა. შეხვედრის ბოლო წუთები ზემოიმერული კლუბის დუბლიორებმა, რომლებიც გამარჯვების გოლის გატანას ცდილობდნენ, შეტევებში გაატარეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა – ფრე 3-3.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური