„ტორპედო“ ქუთაისი კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა
ს/კ „ტორპედო“ ქუთაისი კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობას. ჩვენი კლუბი უერთდება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, რომლის დასახმარებლად ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას გაიღებს.
კახაბერ ჯანაშვილი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი: „ფონდი დიტო ცინცაძის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შეიქმნა, რაშიც გაერთიანდა საქართველოში არსებული ყველა ტელევიზიიის ცნობილი სახეები. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ჟურნალისტების გაერთიანებისა.
საბედნიეროდ, საჭირო თანხა შეგროვდა და დიტო გადარჩა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ფონდს გაეგრძელებინა საქმიანობა და დახმარებოდა ონკოჰემატოლოგიით დაავადებულ ბავშვებს.
უკვე მოვახერხეთ 16 ბავშვის დახმარება, რაშიც ფონდმა შემოწირული თანხებით 160 ათასი ლარი დახარჯა მათი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩვენს ფონდს ყოველთვიური შემოწირულობით შემოუერთდა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და ფონდის სახელით, წარმატებებს და ღვთის წყალობას გისურვებთ.
გიორგი პაპიაშვილი, ქუთაისის „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი: „მოგეხსენებათ, „ტორპედო“ ქუთაისი არაერთ საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობას. კლუბი ეტაპობრივად ეხმარება ბავშვთა სახლს, ასევე, ჩართულია თბილისში, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობაში.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ყოველთვიური შემოწირულობებით დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდსაც შევუერთდით. გპირდებით, რომ მომავალშიც გავარძელებთ ასეთი კეთილი საქმეების კეთებას“.
FCTorpedo.GE