U21-ს დებიუტანტი ჰყავს – აკაკი შულაია ნიკა ძალამიძის ნაცვლად
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე, ევროშესარჩევის მოახლოებული ორი მატჩისთვის იძულებით ცვლილებებს მაინც ვერ ასცდა.
გუშინ საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პოლონური ბიალისტოკის „იაგელონიადან“ ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც სათქვამია:
„უპირველესად, მადლობას გიხდით ჩვენი ფეხბურთელის – ნიკა ძალამიძის 21-წლამდე ნაკრებში გამოძახებისთვის. თუმცა, გვინდა გაცნობოთ, რომ ნიკამ ახლახანს დაამთავრა ხანგრძლივი მკურნალობა მძიმე ტრავმის შემდეგ. ფეხბურთელი ახლაც ექიმებისა და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამავდროულად, ის უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად და თამაშიც დაიწყო, მაგრამ მას კიდევ სჭირდება დრო ფორმის სრულად აღსადგენად. ამიტომ, გთხოვთ, გააუქმოთ მისი გამოძახება მოახლოებული ორი თამაშისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალამიძეს მეტი დრო სჭირდება აღდგენისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ნაკრებში მომდევნო გამოძახებისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება.“
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, ნაკრებში გამოძახების შესახებ გუშინვე ეცნობებინა მარტვილის „მერანის“ 17 წლის შემტევისთვის – აკაკი შულაიასთვის. შესაბამისად, კლუბში ოფიციალური გამოძახება გაიგზავნა.
ალექსანდრე ჩივაძემ აკაკი შულაია გაზაფხულზე, გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ნახა და მას შემდეგ, მხედველობის არეში სულ ჰყავდა. ახლა კი, ნაკრების თავკაცმა 17 წლის ფეხბურთელს უკვე თავისთან უხმო, რაც, თავისთავად, დიდი ნდობის გამოცხადებაა. წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში, აკაკი შულაია მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია და ის ამას ყველა თამაშზე ამტკიცებს.
ამ ეტაპზე, ახალგაზრდულ ნაკრებში მეტი სიახლე არაა და კვლავ შეგახსენებთ, რომ მედიის შეკითხვებს ალექსანდრე ჩივაძე საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხებს.
სფფ-ის პრესსამსახური