“ჩელსიმ” “სტიაუა” გაანადგურა
ჟოზე მოურინიოს შეგირდებს რუმინეთში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. სასურველ შედეგს მათ მატჩის პირველ ნახევარშივე მიაღწიეს.
აშკარაა, რომ თამაში ლონდონელთა დომინირებით მიმდინარეობდა. პირველი ბურთის გატანა ბრიტანელებმა მატჩის მე-20 წუთზე მოახერხეს. კომბინაციის გათამაშების შემდეგ დასწრებაზე რამირესმა მშვენივრად ითამაშა და ანგარიში გახსნა.
44-ე წუთზე “არისტოკრატებმა” სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს. სამუელ ეტო’ომ კარში ზუსტად დაარტყა, მეკარემ ბურთი აიღო, მაგრამ ხელში გამაგრება ვერ შეძლო და ინერციით წამოსულ გეორგიევსკის ბურთი შემთხვევით საკუთარ კარში შეუგორდა.
55-ე წუთზე რამირესმა მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა. ამ შემთხვევაში მან დარტყმა სიძლიერეზე გათვალა და ნამდვილად გამოუვიდა კიდეც. გოლკიპერს ამ ბურთის მოგერიების შანსი თითქმის არ ჰქონია.
შეხვედრას საბოლოო წერტილი კი ფრენკ ლამპარდმა 90-ე წუთზე დაუსვა. მან კარისკენ უძლიერესად გაისროლა და ე.წ. “შტანგა-გოლი” გაიტანა.
ამგვარად, “ჩელსის” ახლა ჯგუფში სამი ქულა აქვს.
“სტიაუა” 0-4 “ჩელსი”
გოლები: რამირესი, 20, 55, გეოგრიევსკი (ს.კ.), 44, ლამპარდი, 90.
“სტიაუა”: ტატარუშანუ, გეორგიევსკი (ვარელა, 71), ჟუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი, ბურჩანუ, ფილიპი, პოპა (ტატუ, 46), სტანჩუ, ტანასე, პოვაკარი (კაპეტანოსი, 46).
“ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ჯონ ტერი, ეშლი კოული, ოსკარი (ასპილიკუეტა, 79), რამირესი, ლამპარდი, მატა (ვილიანი, 81), ტორესი (ეტო’ო, 11), შურლე.
გაფრთხილებები: ლამპარდი, კოული.
სანდრო საპანაძე