თბილისში პელეს წარმომადგენელი ჩამოვიდა
თბილისში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს წარმომადგენელი და ფიფას აგენტი პედრო კაბრაალ და სილვა ჟუნიორი ჩამოვიდა. ის რიო-დე-ჟანეიროდან საქართველოში პელეს ვიზიტის დეტალების შესათანხმებლად ჩამოფრინდა. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისსა და ქუთაისში გასამართ საქველმოქმედო ახალგაზრდულ ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები.
„მე საქართველოში ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს ვიზიტთან დაკავშირებით ვიმყოფები. ქართულ მხარესთან რამდენიმე კონკრეტული დეტალია შესათანხმებელი. თავად პელეს დიდი სურვილი აქვს, ეწვიოს საქართველოს და დაესწროს ტურნირს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილეს მიეძღვნება. მასთან ყველაფერი შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ რამდენიმე საკითხიღა დარჩა დასაზუსტებელი“, – განაცხადა პელეს წარმომადგენელმა.