ეტოო ნაკრებში დაბრუნდა
სამუელ ეტოომ კამერუნის მთავრობის გენერალურ მდივან ფერდინანდ ნგო ნგოსთან საუბრის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის წარმომადგენელმა ეტოოს ნაკრებში დაბრუნება ქვეყნის პრეზიდენტ პოლ ბიიას სახელის სთხოვა. შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსის“ 32 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება, მისივე თქმით, ოჯახური მიზეზების გამო გადაწყვიტა.
„სახელმწიფოს მეთაურმა ნაკრებში დაბრუყნება მთხოვა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კამერუნის ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. ასე რომ, მაქსიმალურად შევეცდები, თანაგუნდელებს დავეხმარო“, – ეტოოს სიტყვები „როიტერმა“ გამოქვეყნა.
2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში კამერუნელები ტუნისელებს დაუპირისპირდებიან. მატჩები 13 და 17 ოქტომბერს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.
ბექა დოგრაშვილი