“ლივერპული” სეზონის დასრულებამდე სუარესის ახალ კონტრაქტზე არ იზრუნებს
როგორც მერსესაიდული კლუბის დირექტორი იან ეირი აცხადებს, 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე, ხელმძღვანელობა ურუგვაელი თავდამსხმელის ახალ კონტრაქტზე არ იზრუნებს.
26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, მან “ენფილდ როუდზე” კიდევ მომდევნო სამი წელი უნდა გაატაროს. მიუხედავად ლონდონის “არსენალის” სერიოზული ინტერესისა, “წითლები” გუნდის მეშვიდე ნომერთან გახანგრძლივებას არ ჩქარობენ.
“ყველა ჩვენ მოთამაშესთან ერთად, ერთნაირი სქემით ვმუშაობთ. კონტრაქტს მის ამოწურვამდე ორი წლით ადრე ვახანგრძლივებთ. მოვა დრო, როდესაც ლუისს ახალი წინადადება უნდა შევთავაზოთ. მასთან ისევე ვიმუშავებთ, როგორც სხვებთან”, – აცხადებს იან ეირი Asian Football Awards-თან მიცემულ ინტერვიუში.
“სუარესი ფანტასტიკური ადამიანია. მას ყოველთვის შეუძლია “ლივერპულისადმი” ერთგულება დაადასტუროს. არაა გასაკვირი, რომ დაბრუნების შემდეგ იგი კარგად თამაშს აგრძელებს”, – დაასრულა მერსესაიდელთა დირექტორმა.
სანდრო საპანაძე