სანაკრებო პაუზა და ზესტაფონელთა მზადება
9 ოქტომბერს, ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ “ვიტ-ჯორჯიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
ზემოიმერული კლუბის პირველი გუნდი დღეს ზესტაფონში შეიკრიბა და მორიგი მატჩისთვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ როინ კვასხვაძეს, კახაბერ მეშველიანსა, ვახტანგ ჭანტურიშვილსა და თედორე გრიგალაშვილს. როგორც მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელები მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩების წინ ქვეყნის ნაკრებ გუნდებში ჰყავთ გამოძახებული ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების თავკაცებს. გარდა ამისა, დღევანდელ ვარჯიშს გამოაკლდნენ ტრავმირებული გიორგი ადამია, სიცხიანი ირაკლი ქობალია და ნაემეკა აჯურუ, რომელიც გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
რაც შეეხება რატკო დოსტანიჩის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს, გუნდის დამრიგებელმა მათთან დღეს დაახლოებით საათნახევარი იმუშავა. ვარჯიში ოცწუთიანი კროსით დაიწყო და ტექნიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებზე მუშაობით გაგრძელდა. ხვალიდან გუნდი ორჯერადი დატვირთვების რეჟიმზე გადადის.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური