ესპანეთის ნაკრებს სტადიონზე გენერატორი აუფეთქდა
ესპანეთის ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე სტადიონის გენერატორი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
კუნძულ მალიორკაზე მდებარე ქალაქ პალმას სტადიონ „იბეროსტარზე“, დღეს ესპანელებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში ბელორუსის ნაკრებს უნდა უმასპინძლონ.
უცხოური პრესის ცნობით, სტადიონზე სარეზერვო გენერატორი ჩართეს და ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგა. სწორედ ასეთ პირობებში მოუწიათ „ფურია როხას“ ფეხბურთელებს საღამოს ვარჯიშის ჩატარება.
ფიფას დელეგატი თვლის, რომ მატჩის გადადების აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის.
ამასვე ამტკიცებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშე ხორხე კარეტერო, რომლის თქმითაც, ესპანეთისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი დაგეგმილ დროს დაიწყება.
შეხვედრა „იბეროსტარზე“, ჩვენი დროით 00:00 საათზე უნდა დაიწყოს.
რაც შეეხება ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს, ის ქალაქ ალბასეტეში მდებარე „კარლოს ბელმონტეზე“, 15 ოქტომბერს შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი