დანაკლისი და მატება ეროვნულ ნაკრებში
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის ბოლო ოფიციალური მატჩისთვის უკვე ორი დღეა ქალაქ ალბასეტეში ემზადება. ესპანეთთან შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ გუნდი 8 ოქტომბერს შეკრიბა. ამ დროისთვის, გუნდი ალბასეტეში 20 კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა, გუშინ, საფეხბურთო კლუბ „ალბასეტეს“ საწვრთნელ ბაზაზე ორჯერ ივარჯიშა. ესპანეთში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მატჩს სრულად მომზადებული ხვდება. სავიზო პრობლემების მოგვარების შემდეგ, გუნდს დღის ბოლოს ბაქოს „ინტერის“ ფეხბურთელი ბაჩანა ცხადაძე და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ წევრი შოთა გრიგალაშვილი შეურთდებიან.
ალექსანდრე ამისულაშვილისა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმების შემდეგ კი, ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ვერც ჯანო ანანიძე იქნება. „როსტოვის“ ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი არა ტრავმა, არამედ პირადი პრობლემა გახდა. ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, მას ოჯახთან დარჩენა მოუწია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფეხბურთელმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმარტების გაკეთება და ფედერაციის ვებგვერდს მცირე კომენტარი მისცა.
” ძალიან რთული ოჯახური ვითარება შემექმნა და ამიტომ, რამდენიმე დღით საქართველოში დარჩენა მომიწია. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია უმნიშვნელო მიზეზის გამო უარის თქმა ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე. ეს არც აქამდე გამიკეთებია და არც მომავალში ვაპირებ; მითუმეტეს, რომ გულშემატკივრებისგანაც ყოველთვის ვგრძნობ დიდ სითბოს და სიყვარულს. ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და პატივია, თუმცა, დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია და ვალდებული ვარ მათ გვერდში ვიყო. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი საქართველოში დარჩენის ერთადერთი მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა”.
ესპანეთთან გამოძახებული მოთამაშეების 22- კაციანი სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („დილა“, გორი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი („ტორპედო“, ქუთაისი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე კვახაძე (ორივე „დილა“, გორი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი), მათე ღვინიანიძე („სევასტოპოლი“, უკრაინა)
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (სამივე „დინამო“ თბილისი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“ ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე („დილა“, გორი)
ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი ცვლილება დისკვალიფიკაციის გამოც განხორციელდა. ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან მატჩს ჯაბა კანკავა, დავით თარგამაძე და გია გრიგალავა გამოტოვებენ.
ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს ქალაქ ალბასეტედან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი – ფლორიან მეიერი.
სფფ-ის პრესსამსახური