“ზესტაფონის” სპარინგ-მატჩი “ჩიხურასთან”
2013 წლის 13 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ამხანაგური მატჩი გამართა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მასპინძლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი მოისაკლისეს. საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში მივლინებული ზესტაფონელთა ოთხეულის (როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და თედორე გრიგალაშვილი) არყოფნას, გიორგი ადამიას, იგორ იელიჩის, ილია კანდელაკის, ბორისლავ ტერზიჩის, დავით რაჟამაშვილისა და ნაემეკა აჯურუს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული არყოფნაც დაემატა…
შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: გიორგაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, რენე ფერეირა (კიკნაველიძე, 81), გაგოშიძე, შარიქაძე, კუტალია (ქობალია, 60), ენდელაძე (ჭანკოტაძე, 67), სამუშია (რეკრუკი, 67), გურული (სარდალიშვილი, 58), ლომია (კვერნაძე, 71).
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 26-ე წუთზე ავთანდილ ენდელაძემ თავის გუნდი დააწინაურა. ტაიმი გოლამდეც და გოლის შემდეგაც ზესტაფონელთა კარნახით მიმდინარეობდა და გატანის შანსები გურამ სამუშიას, სანდრო გურულს, ლევან კუტალიას და საბა ლომიას მიეცათ, თუმცა შესვენებაზე გუნდები ისე გავიდნენ, რომ ანგარიშში სხვაობა მინიმალური დარჩა.
შეხვედრის მეორე ნახევარში რატკო დოსტანიჩმა და სოსო ფრუიძემ თავ-თავიანთი გუნდების შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელეს. ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა გოლი მხოლოდ მატჩის ბოლოსწინა, 89-ე წუთზე გავიდა – საჩხერელმა ვაჟა ლომაშვილმა თანაგუნდელის პასი ოსტატურად დაამუშავა და შეუჩერებლად დაარტყა. ფრე 1-1.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური