U21: საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
14 ოქტომერს, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შოტლანდიის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა – ვაკო ყაზაიშვილმა შოტლანდიელთა კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა. 70-ე წუთზე, ქართველები წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ – სწრაფი შეტევა შორეული დარტყმით გოლად ჯამბულ ჯიღაურმა აქცია. საქართველოს ნაკრებს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, როცა მსაჯმა შოტლანდიელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობისას, გიორგი ჭანტურიამ სტუმართა კარი აიღო, მას თერთმეტმეტრიანის შესრულება მეორეჯერაც მოუხდა, მეორე შემთხვევაში კი, მას მეკარემ აჯობა. საბოლოოდ, შოტლანდიელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც მოახერხეს, 81-ე წუთზე, ლევის მაკლეოდმა გიორგი ნადირაძის კარი ძლიერი დარტყმით დალაშქრა.