„Bild“: ჰუმელსი „ბარსელონას“ უახლოვდება
ცნობილი გერმანული გამოცემის „Bild“-ის ინფორმაციით, დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობამ მატს ჰუმელსს კატალონიის „ბარსელონას“ მენეჯერებთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება მისცა.
ტაბლოიდმა სავარაუდო ტრანსფერის თანხაც დაასახელა, რომელიც 35 მილიონ ევროს შეადგენს. გამორიცხული არ არის, „ბლაუგრანასმა“ გერმანიის ნაკრების მცველი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს. ამავე დროს, სხვა გამოცემები ვარაუდობენ, რომ ჰუმელსი დორტმუნდს მხოლოდ ზაფხულს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 24 წლის მოთამაშეს 2017 წლის ივნისამდე აკავშირებს. შეთანხმების მიხედვით, იმ კლუბს, რომელიც მის შეძენას ისურვებს, გერმანული კლუბისთვის სწორედ 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები გარკვეული მიზეზების გამო მატსის გადაბირებას ვერ შეძლებენ, ისინი „ბაზელის“ მცველის ფაბიან შერის დამატებას შეეცდებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი