პოგბა მზადაა “იუვენტუსთან” გაახანგრძლივოს
ფრანგი ნახევარმცველი მზადაა საკუთარი კარიერა ტურინელთა მაისურით გააგრძელოს.
შეგახსენებთ, პოლ პოგბა “ბებერი ქალბატონის” რიგებს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდა. მას შემდეგ, მან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და იტალიის მოქმედ ჩემპიონთა შემადგენლობაში ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოთამაშის მიმდინარე კონტრაქტი “იუვენტუსთან”, 2016 წლის ივნისამდეა ძალაში. შეგახსენებთ, მისი წლიური ანაზღაურება ამჟამად ერთ მილიონ ევროს შეადგენს, მას კი ეს თანხა არ მოსწონს და მისი გაზრდა სურს.
Gazzetta dello Sport-ის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა მიმდინარე თვის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყონ.
ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბას შეძენით “პარი სენ ჟერმენი” და ლონდონის “არსენალი” ინტერესდებიან.
სანდრო საპანაძე