საქართველომ და ჰოლანდიამ მოსაგები მოიგეს…
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოგებით დაიწყო. ნოდარ აკობიას გუნდმა სან მარინოს ნაკრები 3:1 დაამარცხა. თუმცა, როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აკობიამ განაცხადა, ის თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, არ გამორიცხავს, მეორე მატჩისთვის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელოს.
„პირველ ტაიმში, ის, რასაც ვგეგმავდით, ჩემი ფეხბურთელები დროდადრო მაინც ასრულებდნენ. აი, მეორე ტაიმში კი, ძალიან ცუდად ვითამაშეთ“ – განაცხადა 17-წლამდელთა დამრიგებელმა.
ქართველებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარში სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს. თავი გიორგი ბერიძემ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ნიკა ლაშხიამ გამოიჩინეს. თუმცა, იმის მაგივრად, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა გაეზარდათ, რისი რესურსიც ნამდვილად იყო, ერთი გოლი იქეთ მიიღეს საკუთარ კარში.
მეორე მატჩში, ჰოლანდიელებმა უპრობლემოდ – 4:0 დაამარცხეს ფარერების გუნდი და პირველი ტურის შემდეგ, ბურთების უკეთესი შეფარდებით ცხრილის პირველ ადგილზე არიან.
17 ოქტომბერი, 2013. სტადიონი „მიხეილ მესხი“. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. მე-11 ჯგუფი
საქართველოU17 vs სან მარინოU17 3:1 (3:0)
საქართველოU17: გოშაძე, კევლიშვილი, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, კომახიძე, ქორიძე (კიკნაძე 53), მამუჩიშვილი, ბერიძე, ჯობავა (ცინცქილაძე 63), ლაშხია (ართმელაძე 69)
მთ.მწვრთნელი – ნოდარ აკობია
სან მარინოU17: ბენედეტინი, დელა ვალე, გრანდონი, ბერტი (ბანასკო 80), ტამანინი, სოპრანცი (კორბელი 41), გასპერონი, ბერარდი, დ’ადარიო (ჯიარდი 66), ჩევოლი, კარლინი
მთ.მწვრთნელი – მირკო პაპინი
გოლები: ბერიძე (8), მამუჩიშვილი (19), ლაშხია (33), ტამანინი (67)
გაფრთხილება: კაკიაშვილი, ართმელაძე
მსაჯი: იოანის ანასტასიუ (კვიპროსი)
ხვალ, გუნდები დაისვენებენ. 19 ოქტომბერს კი, მეორე სათამაშო დღეა. 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ჰოლანდიისა და სან მარინოს ნაკრებები შეხვდებიან. საქართველოს ნაკრები კი, კვლავ „მიხელ მესხზე“ ითამაშებს ფარერების ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი კვლავ 16:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური