პიანიჩის დუბლით „რომამ“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა (ვიდეო)
პირველი შვიდი მატჩის მოგების მიუხედავად, „რომა“ VIII ტურის წინ „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებდა. შესაბამისად, დედაქალაქურ კლუბთან მოგების შემთხვევაში, რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდა. თუმცა აღნიშნული შანსი „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს. თანაბარი თამაშის ფონზე, „ჯალოროსის“ მოთამაშეებმა მორიგი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. არადა, ნეაპოლიტანელებს რომაელებზე ნაკლები მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათთან შედარებით, რუდი გარსიას შეგირდებმა თავისი შანსების გამოყენება შეძლეს, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი მოიტანა.
მატჩის დასაწყისში ორივე გუნდმა თითო სახიფათო მომენტის შექმნა. თავიდან, გოლის გატანის შესაძლებლობა ჟერვინიოს მიეცა, რომელმაც საკმაოდ კარგი პოზიციიდან მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ამის ზუსტად გაკეთება ვერ შეძლო. მოგვიანებით, საკმაოდ კარგი შანსი მეკარესთან პირისპირ გასულმა გორან პანდევმა გაუშვა. ინსინიემ მაკედონიელი შესანიშნავი პასით დე სანკტისთან პირისპირ გაიყვანა, რის მიუხედავად, გამარჯვებული აღნიშნულ სიტუაციაში გამოცდილი კიპერი დარჩა, რომელმაც რეაგირების მოხდენა შეძლო და ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგად ცარიელი კართან დანიელე დე როსიმ ივარგა, რომელმაც ბურთი დროულად მოიგერია.
ფრე – პირველი ნახევრის ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა დედაქალაქელები ბოლომდე იბრძოდნენ. პირველი ნახევრის კომპენსირებული დროის მესამე წუთზე მომხდარი ეპიზოდი მათ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო დარტყმით დასრულდა, საჯარიმო დარტყმით, რომლის გამოყენებაც მირალემ პიანიჩმა შეძლო – 1:0.
როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შანსი უმცროსმა კანავარომ უკვე დაკარგა, რადგან ჟერვინიოს წინაამღდეგ თამაშის წესები სწორედ მან დაარღვია (აღნიშნულ მომენტს საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, რომლის წყალობითაც, როგორც უკვე დავწერე, პიანიჩმა ანგარიში გახსნა). ყველაფერთან ერთად, იმ ეპიზოდში პაოლომ ყვითელი ბარათიც მიიღო. მეორე ტაიმში კი კანავარომ მორიგი შეცდომა დაუშვა, როდესაც ფლორენცის ჩაწოდების დროს საკუთარ საჯარიმოში მარკო ბორიელო წააქცია, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდა“. „რომამ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, ნიშნულთან მირალემ პიანიჩი მივიდა, რომელმაც ზუსტი და უძლიერესი დარტყმით თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.
პიანიჩის გოლების მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დანიელე დე როსი უნდა იყოს აღიარებული, რადგან იგი მოედნის ყველა ადგილას დომინირებდა და ტოტის არყოფნაში თავის მოვალეობებს შესანიშნავად ასრულებდა.
„რომა“ – „ნაპოლი“ 2:0
გოლები: პიანიჩი 45+3′, 71 (პენ)
„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი (მარკინიო 81′), ტოტი (ბორიელო 33′), ჟერვინიო (ლიაიჩი 58′)
„ნაპოლი“: რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (კანავარო 44′), მესტო, ინლერი (ჯემაილი 83′), ბერამი, ჰამშიკი, კალეხონი, პანდევი (იგუაინი 68′), ინსინიე
გაფრთხილებები: პანდევი, კანავარო, ინლერი – პიანიჩი
გაძევება: კანავარო 70′ (მეორე ყვითელი ბარათი)