„ლივერპულმა“ ათკაციან „ნიუკასლს“ ვერ მოუგო
ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურში „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ანგარიში იოან კაბაიმ ლამაზი დარტყმით 23-ე წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლოს ლუის სუარესი „ნიუკასლის“ საჯარიმო მოედანზე დაეცა, მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა და მაპუ იანგა-მბივას წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი ზუსტად სტივენ ჯერარდმა შეასრულა. მერსისაიდული გუნდის კაპიტნისთვის ეს პრემიერლიგაში გატანილი რიგით მე-100 გოლი გახლავთ. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ნიუკასლი“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, ის „ლივერპულს“ ტოლ-სწორად ეთამაშა და მეტოქეს ამარცხებდა კიდეც. 57-ე წუთზე „კაჭკაჭები“ შეცვლაზე შემოსულმა პოლ დამეტმა კვლავ დააწინაურა. სხვათა შორის, ეს „ნიუკასლის“ დებიუტანტისთვის „კაჭკაჭთა“ რიგებში გატანილი პირველი გოლია. „წითლებმა“ 72-ე წუთზე მაინც გაათანაბრეს. ლამაზი კომბინაცია ასევე შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა დააგვირვინა.
ამრიგად, შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. „ლივერპული“ სატურნირო ცხრილს 17 ქულით სათავეში ჩაუდგა, „ნიუკასლმა“ კი 11 ქულა მოაგროვა და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ტურის ცხრა შეხვედრა ჯერ კიდევ გასამართია.