მატჩისწინა ვარჯიში თენგიზ ბურჯანაძეზე
ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს განახლდება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის შეხვედრები. „დილა“ საკუთარ მოედანზე ზუგდიდს მიიღებს.
გორელებმა დღეს საკუთარ სტადიონზე გამართეს მატჩისწინა ვარჯიში. გიორგი დევდარიანის წასვლის შემდეგ, გუნდის დროებით თავკაცად დაინიშნა რამაზ სოღოლაშვილი, რომელიც მანამდე მეკარეების მწვრთნელი გახლდათ. სოღოლაშვილმა შეგირდები 45 წუთის განმავლობაში ავარჯიშა.
გუნდში საბრძოლო განწყობაა და თითოეული ფეხბურთელი სერიოზულად ემზადება მომავალი მატჩისთვის. არის ერთი დანაკლისი, დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს ტოვებს თეიმურაზ ღონღაძე. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.
შეგახსენებთ, „დილა“-„ზუგდიდი“ 20 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება. მატჩს მოემსახურება სირიელი არბიტრი აბდულა ბასლეჰლო. დამხმარე არბიტრები: ჩიგოგიძე და მაჩიტიძე იქნებიან, ხოლო მეოთხე სათადარიგო არბიტრი ბეუქლიშვილი იქნება.