ჩემპიონატში ბოლნისის „სიონის“ 25-ედ დასამარცხებლად
20 ოქტომბერს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი ს/კ „ტორპედო“ 1-გზის ჩემპიონ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება. თამაში 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლაციას ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
ამჟამად, ბოლნისელები 8 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე იმყოფებიან. „სიონის“ ანგარიშზე: 2 მოგება(„სპარტაკთან“(2:1) და „გურიასთან“(2:0)), ამდენივე ფრე(„ვიტ ჯორჯიასთან“(1:1) და „ჩიხურასთან“(2:2)) და 4 წაგებაა(„დილასთან“1:2), „ზუგდიდთან“(1:2), „მერანთან“(0:2) და ბოლოს, „დინამოსთან“(1:4). გიორგი კიკნაძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნულ თასზეც ასპარეზობს, სადაც პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში შინ(„მიხეილ „მესხზე“) ს/კ „ზესტაფონი“ დაამარაცხა 1:0.
რაც შეეხება ჩვენი მომდევნო მეტოქის შემადგენლობას, „სიონის“ საშუალო ასაკი 6 წლით აღემატება „ტორპედოსას“. ქვემო ქართლურმა გუნდმა მიმდინარე სეზონის წინ შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: არჩილ ტვილდიანი, ზურაბ ბათიაშვილი, გიორგი განუგრავა, ზვიად ლობჟანიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ლაშა თოთაძე, გივი იოსელიანი, ვალერი აბრამიძე, ლევან ჩხეტიანი, გიორგი კახელიშვილი, თორნიკე აფციაური, დავით იმედაშვილი და კრისტიან მადუბიკე.
ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” ბოლნისის “სიონს” უმაღლეს ლიგაში 36-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 27 შეხვედრა მოიგო, “სიონმა” 9, ფრედ კი 8 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობაზე მეტყველებს – 86:39.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 24 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 7 წააგო (ბურთები 79:33), ხოლო თასზე 3 მოიგო, 3 ფრე და 2 წააგო (ბურთები 7:4).
ყველაზე სოლიდურად, 5-ბურთიანი სხვაობით, მთლიანი ისტორიის მანძილზე, ქუთაისელებს 2-ჯერ დაუმარცხებიათ ბოლნისელები(6:1, 5:0), საპასუხოდ, კი ყველაზე დიდი ანგარიშით 0:4, 2006 წელს წავაგეთ ქუთაისში, რის შემდეგაც ქვემოქართლელებმა ჩემპიონობა იზეიმეს.
საერთო სტატისტიკის მიხედვით, “სიონის” გოლკიპერების ყველაზე მეტჯერ დამწუხრება „ტორპედოს“ შემადგენლობაში მყოფთაგან ზურაბ იონანიძემ შეძლო – 12. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის შემდეგ 11 გატანილი გოლით გიორგი მეგრელაძე მოდის. სასიამოვნოა, რომ მე-3 საუკეთესო მეგოლე ჩვენი გუნდის მოქმედი ფეხბურთელი ნიკა საბანაძეა, რომელსაც ბოლო ექვს შეხვედრაში 5-ჯერ აქვს აღებული ბოლნისელთა კარი.