“ტორპედოს” დუბლებმა “სიონი” დაამარცხეს
21 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნუსაფარიან მოედანზე „ტორპედო-2“-მა ბოლნისის „სიონის“ რეზერვისტებს უმასპინძლა.
შეხვედრა, რომელსაც თვალყური „ტორპედოს“ ძირითადი გუნდის ესპანელმა თავკაცმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმაც ადევნა, ერთიანობაში მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი ბოლნისელებმა მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს – 0:1. გარდა ამისა, თავისი ოსტატობა გამოავლინა ტორპედოელმა მეკარე კუპატაძემაც, რომელმაც ორჯერ იხსნა მისი გუნდი გაშვებული გოლისგან. მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა 2 უპასუხო გოლი აგემეს მეტოქეს: 56-ე წუთზე მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მამია გავაშელიშვილმა აქცია გოლად. 83-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ოლეგ მამასახლისმა დაუსვა, რომელმაც კაკუშაძის გადაცემით დალაშქრა სტუმართა კარი და ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმაც 3 ქულა მიითვალა – 2:1.
„ტორპედო-2“: კუპატაძე, ჩიტეიშვილი(ზ. გელაშვილი 73), ჭანტურია(გოგიჩაიშვილი 30), მამასახლისი, კუსიანი, სულთანიშვილი, ყანჩაშვილი, ახვლედიანი(კაკუშაძე 46), მარკოზაშვილი(ალეფირენკო 73), მზევაშვილი(გუგუშვილი 46), გავაშელიშვილი.
FCTorpedo.GE