მწვრთნელებმა „მერანი“ – „ზესტაფონი“ შეაფასეს
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურში მარტვილის „მერანმა“ „ზესტაფონს“ უმასპინძლა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გამართული მატჩი მარგველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრის ძირითადი მომენტები მეორე ტაიმში განვითარდა. ანგარიში 75-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის მეკარესთან ერთი ერთზე გასვლისას გამოიყენა შანსი. 77-ე წუთზე „ზესტაფონის“ უპირატესობა საბა ლომიამ განამტკიცა, რომელიც წინა სეზონში სწორედ „მერანის“ რიგებში გამოდიოდა და საკმაო შედეგიანობითაც გამოირჩეოდა.
მატჩის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. გუნდების მთავარი მწვრთნელების განცხადებები „ზესტაფონის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
რატკო დოსტანიჩი („ზესტაფონი“): “საკმაოდ რთული შეხვედრა იყო, ”მერანი” დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში შევძელით გოლის გატანა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება. ვულოცავ ბიჭებს, ”მერანს” კი წარმატებებს ვუსურვებ”.
კახა ჩხეტიანი („მერანი“): “პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, 5 მცველით გამოვედით მოედანზე და შევეცადეთ “ზესტაფონისთვის” თამაში ჩაგვეკეტა, გვქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ ვერ შევძელით. “არ გაიტან – გაგიტანენ”. მომდევნო მატჩი “გურიასთან” გვაქვს და შევეცდებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან”.