“ზესტაფონი” მეთერთმეტე ტურის მატჩისთვის
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 3 ნოემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლებენ.
ორივე კლუბი ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 25 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 15 მოგება, 6 ფრე (საინტერესოა, რომ ექვსივეჯერ 0-0) და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 31:9.
უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ბოლნისის “სიონთან” მატჩისთვის გუნდს ლევან ბაჯელიძე ამზადებს, რომელიც დოსტანიჩის ასისტენტი გახლდათ.
ბოლნისის “სიონთან” 3 ნოემმბერს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური