40 წლის ხავიერ ძანეტი „ინტერის“ განაცხადში ბრუნდება
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერი“ „უდინეზეს“ ესტუმრება. „ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის განაცხადში 6-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიყვანა უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.
მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ძანეტიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა პენსიაზე გასვლა არ ისურვა.
„აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ. მოვლენების დაჩქარება არ მინდა. ვფიქრობ, იანვრამდე თამაშს შევძლებ.
კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და თამაშია. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“, – განაცხადა ძანეტიმ.
მატჩი „უდინეზესა“ და „ინტერს“ შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი