„ჩაბი ალონსო თავის დემონს ხვდება“
„ჩაბი ალონსო თავის დემონს ხვდება“ – ამ სათაურით აქვეყნებს ესპანური „მარკა“ პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურინის „იუვენტუსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ხვალ გასამართ მატჩს ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის. მოგეხსენებათ, ეს მსაჯი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას მოემსახურა. იმ მატჩში ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა ალონსოს გულმკერდის არეში გაშლილი ფეხი ჩაარტყა, თუმცა უებმა ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედნიდან არ გააძევა.
„რეალს“ ჰოვარდ უებთან თბილი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს. ინგლისელმა არბიტრმა „რეალის“ მონაწილეობით უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე იმსაჯა, როდესაც „სამეფო კლუბმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, თუმცა წყვილის პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხების გამო, ტურნირს გამოეთიშა.
უები სჯიდა „რეალის“ მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის 2011/2012 წლების სეზონის ნახევარფინალურ მატჩსაც, რომელშიც მადრიდული კლუბი მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ჰოვარდ უებმა „იუვენტუსის“ მონაწილეობით მატჩი 2009 წლის 30 სექტემბერს განსაჯა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბიანკონერი“ „ბაიერნს“ უგოლოდ დაუზავდა.
მატჩი „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი