გაგას მარცხისა და ოძეკთა შავი დღე ბაშოზე
ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე 3 დღე მიილია. ქართველ სუმოისტ, გაგა ჯუღელს, გამარჯვებით აღებული სტარტის შემდეგ, ზედიზედ ორი მარცხი შეემთხვა. არადა, დღეს ჩვენმა გოლიათმა მაგრად იომა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, იაპონელ მე-10 მაეგაშირა, კოტოიუკისთან, თუმცა ბოლოს მაინც მარცხი იწვნია.
ბრძოლა ძირითადად მძლავრი ცუპარებით წარიმართა ორივე სუმოისტის მხრიდან და საბოლოოდ იაპონელმა ოშიდაშით დაატოვებინა დოჰიო ჩვენებურს.
3 ტურის თავზე გაგამარუს 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა ბაშოზე. მისი მომდევნო მეტოქე ორ ცენტნერიანი იაპონელი გოლიათი, მე-9 მაეგაშირად განთესილი, სადანოფუჯი იქნება, რომელსაც გაგას დარი ბალანსი (1-2) აქვს ტურნირზე. ურთიერთშეხვედრებში არცთუ კარგი ისტორია აქვს ჩვენ გოლიათს იაპონელთან – 7 შერკინებიდან მხოლოდ 2 დასრულდა გაგას სასარგებლოდ.
კიუშუ ბაშოს მე-3 ტური შავ დღედ შეიძლება ჩაიწეროს ოძეკებისათვის, რადგან ოთხივე მათგანმა მარცხი განიცადა ერთდროულად. უფრო სწორად თუ ვიტყვით, სამმა ოძეკიმ მარცხი იწვნია, ხოლო მეოთხე ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა დოჰიოზე და ბუნებრივია, მასაც მარცხი ჩაეთვალა.
მივყვეთ თანმიმდევრობით: ფუკუოკელ ოძეკი კოტოშოგიკუს მე-2 ტურში ასევე ფუკუოკელი კომუსუბი შოჰოძანის ძლევა ძალზე ძვირად დაუჯდა – მან მკერდის დიდი კუნთი გაიწყვიტა და არა მარტო ამ ბაშოს, შესაძლოა მომდევნო ბაშოს გამოტოვებაც მოუხდეს, რადგან ექიმების პროგნოზით აღნიშნული ტრავმის მორჩენას 3 თვემდე პერიოდი დაჭირდება. თუ მართლა ასე მოხდა, კოტოშოგიკუს ოძეკის წოდებასთან გამოთხოვება მოუწევს.
ოძეკის წოდებასთან გამომშვიდობების საფრთხის წინაშე დადგა დღეს კიდევ ერთი ოძეკი, ბულგარელი კოტოოშუ, რომელიც კოტოშოგიკუს თანაგუნდელი გახლავთ სადოგატაკეს სკოლიდან. ბულგარელმა ოძეკიმ მარცხენა მხარი დაიზიანა დღეს და სხვათა შორის, მის ტრავმაშიც კომუსუბი შოჰოძანმა დაიდო ცოდვა. მშობლიური კედლებით გაგულისებულმა კომუსუბიმ იორიტაოშით გადაუშვა დარბაზში კოტოოშუ და მძიმე ტრავმა მიაყენა მხარზე. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ასპარეზობის გაგრძელებას ბულგარელი. ხოლო თუკი ვერ შეძლო, მაშინ მას ნამდვილად მოუწევს საპატიო ტიტულთან გამოთხოვება, რადგან წინა ბაშო ასევე ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა, მაშინ როცა მხოლოდ 4 გამარჯვება ქონდა აქტივში და საბოლოოდ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დაუფიქსირდა. შედეგად კოტოოშუ კადობანში ჩაყენებული აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტულის დასაცავად მას უცილობელი კაჩი-კოში ესაჭიროება ამ ბაშოზე. სავარაუდოდ ხვალ უკვე გვეცოდინება მისი ტრავმის სიმძიმე და გავიგებთ, მოახერხებს თუ არა ბრძოლის გაგრძელებას.
პირველი მარცხი განიცადა ბაშოზე იაპონელთა იმედად მიჩნეულმა, ოძეკი კისენოსატომ, რომელსაც პირველ მაეგაშირად განთესილმა, 35 წლის ვეტერანმა თანამემამულე ამინიშიკიმ სძლია, კომატასუკუის ილეთით.
მეორე მარცხი შეემთხვა მონღოლ ოძეკი კაკურიუს. კომუსუბი ოკინოუმის შემდეგ, მისი ძლევა სეკივაკე გოეიდომაც შეძლო. ეს უკანასკნელი კი მონღოლ იოკოძუნებთან (ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი) და კიდევ 4 რიგით მაეგაშირასთან ერთად უდანაკარგოდ მიმავალ ლიდერთა ჯგუფშია.
ასე რომ, წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და უკომპრომისო პაექრობა გველის ბაშოზე.