დაძაბული ნოემბრის ბაშო
ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე ნაკაბი (იგივე შუაწელი) მოახლოვდა და მცირე რეზიუმეს გაკეთებაც შეიძლება უკვე.
7 ტურის თავზე ბაშოს დაუმარცხებლად მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი უდგანან სათავეში. თუკი ჰაკუჰოს წაუგებელ სერიაში გასაკვირი არაფერია, ცოტათი მოულოდნელია ჰარუმაფუჯის ასეთი კარგი სტარტი, რომელიც მას უკვე მთელი 4 ბაშოა აღარ ქონია.
ლიდერებს თითო მარცხით კვალში 4 სეკიტორი უდგას: იაპონელი ოძეკი კისენოსატო, ჩვენი ტოჩინოშინის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-5 მაეგაშირა აოიიამა, იაპონელი მე-12 მაეგაშირა ფუჯიაძუმა და მონღოლი მე-15 მაეგაშირა შოტენრო.
ქართველ გოლიათ გაგა ჯუღელს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს ამ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოიყურება და საკმაოდ მობილიზებული ჩანს იგი. გაგამარუმ სტარტზე მოპოვებულ გამარჯვებას, ზედიზედ 3 მარცხი მიაყოლა, შემდეგ მიჯრით ორი გამარჯვება იზეიმა და ბალანსი გაანულა. თუმცა გუშინ იაპონელ გოლიათ ტოიოჰიბიკისთან ისევ მარცხი განიცადა, რომელიც იუბილარი გახლდათ გუშინ და ჩვენებურთან გამარჯვებით საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთა.
ნაკაბიზე (მე-8 ტურში) გაგამარუს მეტოქე ლიდერთა შორის მყოფი მე-15 მაეგაშირა, მონღოლი შოტენრო იქნება. მასთან გამართული 12 შერკინებიდან ქართველ გოლიათს თნაბარი რაოდენობის, 6-6 მოგება-წაგება აქვს მოპოვებული. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გაგა ბაშოს დადებითი ბალანსით დაამათავრებს.