გაგამ ბალანსი კვლავ გაათანაბრა
კიუშუ ბაშოს ნაკაბიზე ბალანსი კიდევ ერთხელ გაანულა ჩვენმა გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა ლიდერთა შორის მყოფ მონღოლ მე-15 მაეგაშირა შოტენროს ჰატაკიკომით სძლია.
შერკინების სტარტზე გაგამ მძლავრი მჯიღი უთავაზა მონღოლ მეტოქეს და უკან დაახევინა, შემდეგ კეფაზე მარჯვენა ხელი მოავლო, თავისკენ დაქაჩა და გულდაღმა დოჰიოზე დაანარცხა.
გაგა ჯუღელისთვის ეს მე-4 გამარჯვება გახლდათ, 4 მარცხის საპირისპიროდ და როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ გავიდა იგი ნულოვან ბალანსზე.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი მონღოლი, ჯურიოს დივიზიონში პირველ ნომრად განთესილი კაგამიო იქნება, რომელსაც ამ დროისთვის 5 მოგება და 3 მარცხი აქვს ბაშოზე. გაგა და კაგამიო აქამდე ერთმანეთს დოჰიოზე მხოლოდ ერთხელ, შორეულ 2008 წელში შეხვედრიან, როდესაც ისინი მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში გამოდიოდნენ და მაშინ მონღოლმა ოშიდაშით იმარჯვა. მას შემდეგ ჩვენმა გოლიათმა მაკუუჩიც დააჭაშნიკა (07.2010) და სანიაკუსაც გაუსინჯა გემო, კომუსუბის წოდების რანგში (03.2012), მონღოლმა კი მხოლოდ ამა წლის დასაწყისში შეძლო ჯურიოში გადმოსვლა და უკვე მე-6 ტურნირს ატარებს ელიტარული სუმოს მე-2 დივიზიონში.
ნოემბრის ბაშოს კვლავ წაუგებლად ლიდერობენ მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. მათი მდევრების რიცხვი კი დღეს ერთბაშად 4-დან 1-მდე შემცირდა და ის სუმოისტი, რომელიც 7 მოგებითა და 1 მარცხით მათ კვალში უდგას, გახლავთ ჩვენი ტოჩინოშინის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-5 მაეგაშირა აოიიამა.
6 მოგება და 2 მარცხი გააჩნია ერთბაშად შვიდ სუმოისტს, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მონღოლი ოძეკი კაკურიუ და იაპონელი სეკივაკე გოეიდო იმსახურებენ. მე-8 ტურში განსაკუთრებით საინტერესო სწორედ კისენოსატოსა და გოეიდოს შერკინება აღმოჩნდა, სადაც იაპონელმა სეკივაკემ მასზე კლასითა და რანგით უფრო მაღლა მდგომი ოძეკი კუბინაგეს ულამაზესი ილეთით დაანარცხა დოჰიოზე.
კიუშუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 24 ნოემბერს დასრულდება.