საფეხბურთო ცრემლები
ფეხბურთელის კარიერაში გამარჯვებას მარცხი სდევს თან და შესაბამისად, სიხარულს ხშირად ცრემლები ცვლის. ყოფილა მომენტები, როცა ყველაზე გიჟმაჟ და შეუპოვრობით გამორჩეულ ფეხბურთელებსაც კი ვერ შეუკავებიათ თავი უტირიათ, მარცხის, გაფუჭებული მომენტის და ხშირად, სიხარულის გამოც. გადავწყვიტეთ, თქვენთვის ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი ბოლო წლების 10 ყველაზე “ცნობილი საფეხბურთო ცრემლების” ჩვენეული ვერსია წარმოგვედგინა. გაითვალისწინეთ, რომ რიგითობა შემთხვევითია და არავითარი პრინციპის მიხედვით არ გახლავთ დალაგებული.
პოლ გასქოინი
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასქოინი ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკლავი გახლდათ და დას. გერმანიასთან გამართულ ნახევარფინალში მისი ცრემლები მთელმა ალბიონმა განიცადა. გაზა არბიტრმა თომას ბერდჰოლდის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააფრთხილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გასქოინს ფინალის გამოტოვება მოუწევდა. საბოლოოდ მატჩი გერმანელების პენალტების სერიაში მოიგეს და ინგლისი მაინც ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე თავზეხელაღებული ფეხბურთელის ბავშვურმა ცრემლებმა მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა.
ჯონ ტერი
მომენტი, რომელიც ალბათ ჩვენს ყველაზე უმცროს მკითხველსაც ახსოვს. ლონდონის “ჩელსის” კაპიტნის პირადი ტრაგედია მოსკოვში გამართულ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სველ ბალახზე ასრიალებული ფეხი და გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი, რომელსაც “არისტოკრატები” ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე უნდა აეყვანა.
კრისტიანო რონალდო
2004 წელს პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საშინაო ფინალი საბერძნეთთან წააგო. 19 წლის რონალდოს ცრემლები მაშინ პირენეელთა მთელი ნაკრების მდგომარეობას ასახავდა.
პელე
როცა ბრაზილიის ნაკრებმა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ურუგვაისთან “მარაკანაზე” წააგო, 9 წლის პელემ ატირებული მამა ასე დაამშვიდა: “ნუ ნერვიულობ მამა, ერთ დღეს მე მას აუცილებლად მოვიგებ”.
8 წლის შემდეგ პელემ დანაპირები შეასრულა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც მუნდიალი მოიგო. სწორედ მამისთვის მინიჭებული სიხარული გამოხატა ფეხბურთის მეფემ იმ ცრემლებით, რომლის ფოტოც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
მიუნხენის ბაიერნი
1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც ლენართ იოჰანსონმა ცნობილი ფრაზით ყველაზე ლაკონურად შეაფასა (“ეს დაუჯერებელია, გამარჯვებულები ტირიან და დამარცხებულები ცეკვავენ (“The winners are crying and the losers are dancing”), დანარჩენი უკომენტაროდ…
ინგლისის ნაკრების კიპერი, რომელიც ალბიონელთა კარს 14 სეზონის მანძილზე იცავდა. ალბათ მისი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება – 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი და რონალდინიოს საოცარი დარტყმა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, სიმენისთვის კი სანაკრებო კარიერის ბოლო აკორდად იქცა.
ფრანჩესკო ტოტი
“რომას” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდის ცრემლები, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში წაგების შემდეგ.
მიუხედავად მარცხისა, ტოტი იმ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. წლების შემდეგ “რომას” ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ეს მომენტი ცხოვრებაში განცდილ ყველაზე დიდ ტკივილად დაასახელა.
დევიდ ბექჰემი
2013 წლის 18 მაისს, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა 21 წლიანი პროფესიული კარიერა დაასრულა. პსჟ – ბრესტის შეხვედრის მე-80 წუთზე ინგლისელი ფეხბურთელი კუთვნილი, ბოლო აპლოდისმენტების მისაღებად შეცვალეს, დევიდმა ცრემლები ვერ შეიკავა…
პ.ს. წლების წინ თვალზე ცრემლმომდგარი ბექჰემი საფეხბურთო სამყარომ მაშინ იხილა, როცა დევიდმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა…
დიეგო მარადონა
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პოლ გასქოინის შემდეგ საზოგადოებმა დიეგო მარადონას ტირილიც იხილა – გერმანიასთან წაგებული ფინალის (85-ე წუთზე გაშვებული პენალტით) თანამდევი ფეხბურთის არგენტინელი მაესტროს ცრემლები გახდა.
“ცრემლები არა ფინალის წაგების, არამედ იმ უსამართლობის გამო წამომივიდა, რაც მოედანზე მოხდა”, – აღნიშნა მარადონამ მოგვიანებით, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.