ბოლო წლების ტოპ 10 ელ კლასიკო
მადრიდის რეალისა და ბარსელონას შორის საუკუნოვანი დაპირისპირების უახლესი ისტორია მესისა და კრისტიანო რონალდოს შედევრების კოლექციაა. სეზონში მინიმუმ ორჯერ საფეხბურთო სამყარო ტელეეკრანებთან იკრიბება და საათნახევარს იმ კითხვაზე პასუხის გაცემაში ატარებს, “ვინ უფრო ძლიერია” დღეს. ელ კლასიკოს შემდეგ დამარცხებულები შემდეგ დაპირისპირებამდე “ამ თემაზე საუბარს ერიდებიან”, გამარჯვებული – ხარობენ და ასე დაუსრულებლად. გადავხედოთ ბოლო წლების ტოპ 10 ელ კლასიკოს:
ფიგუს დაბრუნება
2002 წლის ნოემბერი. ნოუ-კამპი. ფიგუ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. მატჩში, რომელშიც პორტუგალიელმა ვარსკლავმა კუთხურების მოწოდებაზე უარი თქვა, ტრიბუნების ნამდვილი ობსტრუქციის გამო. ფიგუს თავს იმ ელ კლასიკოში ყველაფერი ცვიოდა, დაწყებული ლუდის თავსახურებიდან, სანთებელებით, ვისკის ბოთლებითა და ღორის თავით დამთავრებული.
რონალდინიო ბერნაბეუზე
2005 წელი. ელ კლასიკო. “სანტიაგო ბერნაბეუმ” დაამტკიცა, რომ მადრიდში ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ და მიუხედავად მოსისხლე მტრობისა, ფენომენებს გამორჩეულად აფასებენ.
რონალდინიოს მიერ დადგმულ სპექტაკლს და კატალონიელთა 3-0 გამარჯვებას “ბერნაბეუ” აპლოდისმენტებით მიესალმა, ასეთი რამ მსოფლიო ფეხბურთს ძალიან იშვიათად ახსოვს…
მესის მაგია
2006/07 წლების სეზონში ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ელ კლასიკოს ისტორიაში, რომელმაც “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. არგენტინელი ჯადოქრის შოუ. ელ კლასიკო. ნოუ კამპი. საფინალო ანგარიში 3-3.
რეალი 2008!
მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონობა მთავარი კონკურენტის განადგურებით აღნიშნა. რაულის, რობენის, იგუაინისა და ვან ნისტელროის 4 გოლს ტიერი ანრიმ მხოლოდ შეხვედრის მიწურულს უპასუხა. ელ კლასიკო. მადრიდელთა ბრწყინვალე გამარჯვება, 7 მაისი, 2008 წელი.
ბარსელონას ერა
შემდეგი სეზონიდან “ბარსელონამ” და პეპ გუარდიოლამ ისტორიის წერა დაიწყეს. კატალონიელებმა საფეხბურთო სამყაროს იქამდე არნახული ფეხბურთი შესთავაზეს, სტილი, რომელსაც მათთვის დღემდე მოაქვს წარმატება. 2009 წელი, ელ კლასიკო. “ბარსა” მთელი თავისი სიდიადით “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ანუ 6-2!
მორიგი ბარსელონური სასწაული
6-2-ის შემდეგ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ უახლოეს წლებში “კლასიკოში” გამანადგურებელი ანგარიში კიდევ ერთხელ დაფიქსირდებოდა, მაგრამ კატალონიაში სხვაგვარად ფიქრობდნენ. 2010 წლის ნოემბერში “ბარსამ” მორიგი წარმოდგენა დადგა. 5-0, ჟოზე მაურინიოს პირველ “კლასიკოში”.
თასის მეფეები
2011 წელს “ბარსელონამ” ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა. ტრებლის შესრულებაში კატალონიელებს ხელი მადრიდის “რეალმა” შეუშალა და თასის ფინალში გამართულ ელ კლასიკოში ჟოზე მაურინიომ თავისი პირველი მადრიდული ტიტული მოიგო.
მესტალიაზე გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა და ყველა პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, როცა კრისტიანო რონალდომ გაიბრწყინა.
ფესტივალი სახელად კლასიკო
4 ელ-კლასიკო 18 დღეში! მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი (კოპა დელ რეის ფინალზე მეტად) ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი გახლდათ, რომელიც “ბარსელონამ” სანტიაგო ბერნაბეუზე 2-0 მოიგო და ლიონელ მესიმ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
ფესტივალი სახელად ელ კლასიკო 2
2011 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი:
რონალდოს რევანში
პეპ გუარდიოლას ბოლო “ბარსელონურ” სეზონში “რეალმა” ლა ლიგა მოიგო. ამ ტრიუმფის საბოლოო წერტილი კამპ ნოუზე დაისვა, როცა ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა კრისტიანო რონალდომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს შეხვედრა ბევრი “მადრიდისტას” აზრით “რეალის” მიერ “ბარსას” წინააღმდეგ ბოლო წლებში ჩატარებულ შეხვედრებს შორის საუკეთესოა.