2014 წლის მუნდიალი – კალათების სავარაუდო შემადგენლობა
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრებიდან 31-ის ვინაობა ცნობილია. Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას, რითაც მოხდება წილისყრის განსაზღვრა. მართალია, ეს ჯერ არაოფიციალურია, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ასე გადანაწილდებიან გუნდები კალათებში.
ბრაზილიის მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა ვინაობა სრულად თბილისის დროით ხვალინდელი დღის დილის 05:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც ურუგვაისა და იორდანიის ნაკრებთა შორის მატჩი დასრულდება. პირველი შეხვედრა სამხრეთ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 5:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს.
ტრადიციულად, 32 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდება. პირველ კალათაში მოხვდება ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგით 7 საუკეთესო გუნდი. ესენია: 1) ესპანეთი, 2) გერმანია, 3) არგენტინა, 4) კოლუმბია, 5) ბელგია, 6) ურუგვაი*, 7) შვეიცარია.
რა პრინციპით შეივსება მეორე კალათა, ეს ფიფას ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები როგორც წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახლაც გეოგრაფიული პრინციპით დალაგდებიან.
მე-2 კალათაში უნდა მოხვდნენ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებები, მე-3 კალათაში – აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ნაკრებები, მე-4 კალათაში კი – ევროპის ნაკრები გუნდები.
თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე იმ ევროპულ ნაკრებთა რაოდენობა, რომლებიც ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეულში არ შედიან, 9 არის და არა – 8. ამიტომ, ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ევროპული ნაკრები მე-3 კალათაში გადაინაცვლებს, ასეთი გუნდი კი საფრანგეთი გახლავთ. „მამლები“ ვერ მოხვდებიან ჯგუფში სხვა ევროპულ ნაკრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, პირველი კალათიდან შესაძლებელია საფრანგეთის მეტოქედ მოგვევლინოს არგენტინის, კოლუმბიის, ურუგვაის ან ბრაზილიის ნაკრებებიდან ერთ-ერთი.
გთავაზობთ კალათების არაოფიციალურ შემადგენლობას:
კალათა I (ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეული) |
|
ნაკრები | ადგილი ფიფას რეიტინგში |
ბრაზილია (მასპინძელი) | 11 |
ესპანეთი | 1 |
გერმანია | 2 |
არგენტინა | 3 |
კოლუმბია | 4 |
ბელგია | 5 |
ურუგვაი* | 6 |
შვეიცარია | 7 |
კალათა II (აზია+ჩრდ. ამერიკა) | |
ნაკრები | ადგილი ფიფას რეიტინგში |
აშშ | 13 |
მექსიკა | 24 |
კოსტა-რიკა | 31 |
ჰონდურასი | 34 |
იაპონია | 44 |
ირანი | 49 |
სამხრეთ კორეა | 56 |
ავსტრალია | 57 |
კალათა III (სამხ. ამერიკა+1 ევროპული ნაკრები) | |
ნაკრები | ადგილი ფიფას რეიტინგში |
ჩილე | 12 |
კოტ-დივუარი | 17 |
ეკვადორი | 22 |
განა | 23 |
ალჟირი | 32 |
ნიგერია | 33 |
კამერუნი | 59 |
საფრანგეთი | 21 |
კალათა IV (ევროპა) | |
ნაკრები | ადგილი ფიფას რეიტინგში |
ჰოლანდია | 8 |
იტალია | 9 |
ინგლისი | 10 |
პორტუგალია | 14 |
საბერძნეთი | 15 |
ბოსნია/ჰერცეგოვინა | 16 |
ხორვატია | 18 |
რუსეთი | 19 |
* ურუგვაის ნაკრებს ჯერ არ გაუნაღდებია მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.
ბექა დოგრაშვილი