გაგამარუ კაჩი-კოშს მიუახლოვდა
ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და ძალიან რთული ორთაბრძოლა მოიგო დღეს გაგამარუმ, ძალიან ძლიერ და მისთვის უხერხულ მეტოქესთან!
34 წლის მონღოლ მე-10 მაეგაშირა ტოკიტენკუს ჩვენი გოლიათი აქამდე 10-ჯერ შეხვედროდა დოჰიოზე და აქედან 8 შემთხვევაში მარცხი ქონდა განცდილი. ჩვენებურის მდგომარეობას მონღოლთან შერკინების წინ ისიც ართულებდა, რომ ტოკიტენკუს 7 წაგება უკვე ქონდა მიმდინარე ბაშოზე და გაგასთან დამარცხების შემთხვევაში, მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაუფრომდებოდა.
ჩვენდა სასაიხარულოდ უნდა ითქვას, რომ გაგამარუ ძალიან მობილიზებული გამოვიდა დოჰიოზე და ცბიერი ფანდებით ცნობილ მონღოლს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ქართველმა გოლიათმა ვეტერანი ტოკიტენკუ ერთი ამოსუნთქვით გაიყვანა დოჰიოდან (ოშიდაშით) და რიგით მე-7 გამარჯვება ჩაიწერა ნოემბრის ბაშოზე, პასივში კი ისევ 6 მარცხი დაიტოვა.
ამრიგად, მე-13 მაეგაშირად განთესილ გაგა ჯუღელს დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილი 2 ბრძოლიდან ერთის მოგებაც ყოფნის. თუმცა, ორივეს მოგების შემთხვევაში, რეიტინგში უფრო გვარიანად დაწინაურდება და სახიფათო ზონასაც თავს დააღწევს.
ჩვენი გოლიათი კაჩი-კოშის გაფორმებას ხვალ ლევან გორგაძის თანაგუნდელ, ტოჩინოვაკასთან შეეცდება, რომელიც წარმოშობით კორეელი გახლავთ. მე-4 მაეგაშირად განთესილ კორეელს კიუშუ ბაშოზე საკმაოდ ცუდად მისდის საქმეები – 13 ორთაბრძოლიდან 10 უკვე წაგებული აქვს და რეიტინგში საგრძნობ ვარდნასაც ვეღარ აცდება. ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას გაგამარუ ფლობს ტოჩინოვაკასთან – აქამდე ჩატარებული 5 შერკინებიდან 3 ჩვენებურის სასარგებლოდ დასრულდა.
ბაშოს დასრულებამდე 2 ტურით ადრე კი ლიდერთა შორის მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. პირველი მარცხი იწვნია დღეს მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ და თანამემაულე იოკოძუნა ჰაკუჰოს ერთპიროვნულად გალიდერების საშუალება მისცა. “მზიურ ცხენს” იაპონელმა ოძეკი კისენოსატომ სძლია (იორიკირით), რომელიც ასევე ინარჩუნებს ტურნირზე ჩემპიონობის შანსს. მას ამ დროისთვის 11 მოგება აქვს, 2 მარცხის წილ და მხოლოდ ზემოთ ნახსენებ იოკოძუნათა დუეტს ჩამორჩება. “თეთრმა ფენიქსმა” კი, თავის მხრივ, თანამემაულე ოძეკი კაკურიუ დაამარცხა (ასევე იორიკირით) და 13 მოგებით ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად რჩება.
ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს ხვალინდელი შერკინება ჰაკუჰოსა და კისენოსატოს შორის. ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს მონღოლური ჯახი, კაკურიუსა და ჰარუმაფუჯის მონაწილეობით (განსაკუთრებით ამ უკანასკნელისთვის).
ბაშოს დასკვნით დღეს (სენშურაკუ) ერთმანეთის პირისპირ მონღოლი იოკოძუნები დადგებიან და თუკი ხვალ ორივე მათგანმა გამარჯვება იზეიმა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალი შედგება მათ შორის.
P.S. გამოთქვით თქვენი აზრი: ვინ გახდება კიუშუ ბაშოს ჩემპიონი?