ბლატერი: „რონალდუს შესახებ აზრი არ შემიცვლია“
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აღტაცება მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდუს მიმართ და კიდევ ერთხელ სცადა დაძაბულობის განმუხტვას.
სამი კვირის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას რონალდუს ლეო მესი ურჩევნია.
ფიფას პრეზიდენტის ამ განცხადებას „რეალის“ მხრიდან ლოგიკური აღშფოთება მოჰყვა. მოგვიანებით ბლატერმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის შეურაცხყოფაზე არც უფიქრია.
როგორც მოგეხსენებათ, რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს, ამის მიზეზი კი რა შეიძლება იყოს, თუ არა ოქსოფრდში ბლატერის მიერ გაკეთებული განცხადება. აშკარაა, რომ ფიფას პრეზიდენტი პორტუგალიელი ფეხბურთელის მოთაფვლას ცდილობს. შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის შემდეგ, ბლატერმა სოციალური ქსელის მეშვეობით რონალდუ გატანილი ჰეთ-თრიკისთვის შეაქო, თუმცა „რეალის“ ფეხბურთელს „ოქროს ბურთის“ ცერემონიალის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
ბლატერი კიდევ ერთხელ შეეცადა, როგორმე განემუხტა დაძაბული სიტუაცია და რონალდუს მიმართ ამჯერადაც აღმატებით ხარისხში ისაუბრა.
„არაფერს არ ვნანობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანო რონალდუ გამორჩეული მოთამაშეა და ჩემი აზრი მის შესახებ არ შეცვლილა. მოედანზე ის მეთაურია. სამწუხაროა, რომ ჩემი სიტყვები სხვაგვარად გაიგეს. გულში ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს“, – განაცხადა ბლატერმა იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბექა დოგრაშვილი