უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელებთან მე-40 დერბის წინასიტყვაობა
24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-13 ტურში გასამართი იმერული დერბის მასპინძელი ქუთაისის „ტორპედო“ იქნება, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დახვდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლაციას ჩვენი ვებ-გვერდი უზრუნველყოფს.
უმაღლესი ლიგის ეგიდით, დამდეგი იმერული დერბი გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში საიუბილეო, რიგით მე-40 იქნება. მსგავსად წინა შეხვედრებისა, რაღა თქმა უნდა, ეს დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს.
გემახსოვრებათ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ჩვენმა გუნდმა სტუმრად დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სწორედ იმერული დერბის მომავალ „პარტნიორთან“ დაძაბულ შეხვედრაში მოიპოვა, ანგარიშით 3:2. ტორპედოელთაგან დუბლი შეასრულა ნიკა საბანაძემ, ერთხელაც კი თორნიკე კაპანაძემ დალაშქრა მასპინძელთ კარი, აქვე 18 აგვისტოს ჩატარებული მატჩის ოქმიც – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=202
ბოლო დროს, ს/კ „ზესტაფონში“ ხელმძღვანელობის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სერბი რატკო დოსტანიჩის გათავისუფლების შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა გია გეგუჩაძე, რომლის „მეორე დებიუტი“ თბილისის „დინამოსთან“ საშინაო შეხვედრაში შედგა(1:2). რამდენიმე დღის წინ კი, ბევრისთვის სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ჩვენს მომდევნო მეტოქეს გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული ძალიან უჭირს სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე ასვლა. ამჟამად მე-7 პოზიციაზე მყოფი ზესტაფონური გუნდისთვის კვირის მატჩს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა რასაკვირველია, ქუთაისელებსაც ძალიან სურთ, 3-მატჩიანი უქულო სერიის მოგებით შეწყვეტა…
რაც შეეხება სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან ქუთაისის „ტორპედო“(საწყის სამ ჩემპიონატში „ქუთაისის“ სახელით გამოდიოდა) სამ სხვადასხვა ზესტაფონურ გუნდსაა შენახვედრი: „მარგვეთს“, „მეტალურგსა“ და „ზესტაფონს“. სულ ქუთაისურ და ზესტაფონურ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 39 მატჩია(კიდევ ერთ შეხვედრაში „მეტალურგი“ არ გამოცხადდა) ნათამაშები. 18 რიონისპირელებმა მოიგეს, 13 ყვირილასპირელებმა, 8 ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 58:39 ქუთაისელთა სასარგებლოდაა. 5 მატჩი შედგა ეროვნული თასის გათამაშებებზე – 1 მოგება ქუთაისელთა მხარესაა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს(ბურთების უკეთესი ბალანსი ზესტაფონელთა მხარესაა – 5:3).
ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისელებს სხვადასხვა ჩემპიონატში 3-ჯერ ანგარიშით 4:0 დაუმარცხებიათ ზესტაფონური გუნდები. საპირისპიროდ კი, 1996 წელს, „მარგვეთთან“ ანგარიშით 3:5 აქვთ წანაგები.
ბოლოს კი გთავაზობთ ზესტაფონელთა წინააღმდეგ “ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლებიდან თითოეული ავტორის ანგარიშზე არსებულ რაოდენობას.
6 გოლი – გიორგი მეგრელაძე
5 გოლი – მამუკა ხუნდაძე
4 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე
3 გოლი – კახა კვეტენაძე, მიხეილ აშვეთია
2 გოლი – გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, ანდრეი პოროშინი, გიორგი შენგელია, გივი დიდავა, დავით ჯანაშია, დავით გამეზარდაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე
1 გოლი – არჩილ ჩხაბერიძე, გელა კიკალეიშვილი, ლევან ქებაძე, შალვა ხუჯაძე, დიმიტრი პარამონოვი, ზვიად ქუთათელაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გაგა ჩხეტიანი, დავით ბოლქვაძე, რევაზ ჯიქია, არმაზ დოღონაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, მერაბ გიგაური, დავით დიღმელაშვილი, რევაზ გოცირიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე კაპანაძე.
FCTorpedo.GE