გაგას კაჩი-კოში და საუცხოო ფინალის მოლოდინი
ქართველმა სუმოისტმა, გაგა ჯუღელმა ნოემბრის ბაშოს დასრულებამდე 1 ტურით ადრე მე-8 გამარჯვება მოიპოვა და კაჩი-კოში, იგივე დადებითი ბალანსი გაიფორმა. მართალია, ჩვენ გოლიათს საკმაოდ გაუჭირდა კორეელი მე-4 მაეგაშირა, ტოჩინოვაკას ძლევა, თუმცა ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია.
შერკინების სტარტზე კორეელმა ტაჩიაი-ჰენკა, ანუ სასტარტო ჯახისთვის თავის არიდება და განზე გადგომა იკადრა და ამით სცადა ჩვენებურთან ფონს გასვლა. თუმცა, გაგამარუ მეტოქის ამ ფანდს მომზადებული შეხვდა და წონასწორობა დიდად არ დაუკარგავს.
ამის შემდეგ ჩვენმა გოლიათმა ცუპარებით დაიწყო ბრძოლა, კორეელი კი ძირითადად თავს იცავდა და ისევ სხვადასხვა ფანდებით ცდილობდა თავის გადარჩენას. საბოლოოდ გაგამ ოშიდაშით დაატოვებინა კორეელს დოჰიო და რეიტინგში წინსვლა გაინაღდა.
ბაშოს ბოლო დღეს ჩვენებურს ძალიან სერიოზული მეტოქე ყავს, აიპონელი 1-ლი მაეგაშირა, მიოგირიუს სახით, რომელსაც 7-7 აქვს ბალანსი და ხვალ უცილობელი გამარჯვება ესაჭიროება კაჩი-კოშითვის. გაგას აქამდე 4-ჯერ მოუწია იაპონელთან შერკინება და აქედან 3-ჯერ მარცხი განიცადა.
საუცხოო ფინალი გველის ხვალ კიუშუ ბაშოზე – იმპერატორის თასს მონღოლ იოკოძუნათაგან ერთ-ერთი ჩაიბარებს. საინტერესოა, ჰაკუჰოს 28-ე თუ ჰარუმაფუჯის მე-6 ტრიუმფს ვიხილავთ ფუკუოკაში?
როგორც არ უნდა დასრულდეს ხვალიდნელი დღე, ერთ რამ ცხადია: ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი ბაშო გამოდგა, ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე.
დღეს კი საოცარი ორთაბრძოლა შედგა იოკოძუნა ჰაკუჰოსა და ოძეკი კისენოსატოს შორის. იაპონელმა ოძეკიმ “მზიური ცხენის” ძლევის შემდეგ, არც მეორე იოკოძუნა დაინდო და “თეთრი ფენიქსიც” დაამარცხა.
ორთაბრძოლას წინ უძღვოდა საოცრად მკაცრი, დაგეშილი და განმგმირავი მზერა მეტოქეთა მხრიდან – მათ ლამის თვალებით შეჭამეს ერთმანეთი, ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე.
შერკინებისთანავე კისენოსატომ მარჯვენამხრიანი დგომა მოიპოვა, ჰაკუჰომ კი მარცხენა ხელით ჩაავლო იაპონელს იღლიის ქვემოდან, მავაშიში. ინიციატივა კისემ გამოიჩინა პირველმა და იოკოძუნას ტავარასკენ (დოჰიოს ხაზი) მიაწვა. ამ დროს ჰაკუჰომ მეტოქე შემოატრიალა და მარცხენა ხელით შიტატენაგეს შესრულება წამოიწყო. თუმცა, კისეს უფრო მაგრად ქონდა მონღოლის მავაში მარჯვენა ხელით დაჭერილი და საპასუხო გდება, უვატენაგე განახორციელა. პუბლიკა აღტაცებაში მოვიდა, ჰაკუჰომ კი პირველი მარცხი იწვნია ბაშოზე.
დღის დასკვნით ორთაბრძოლაში ჰარუმაფუჯიმ უპრობლემოდ სძლია თანამემამულე ოძეკი კაკურიუს და ბალანსით ჰაკუჰოს გაუთანაბრდა (13-1). კისენოსატოს კი 12 მოგება აქვს, 2 მარცხი წილ და ხვალინდელ ბრძოლაში კაკურიუ რომც დაამარცხოს, ჩემპიონობის შანსი მაინც დაკარგული აქვს, რადგან ხვალ სწორედ ერთნაირბალანსიანი მონღოლი იოკოძუნები ერკინებიან ერთმანეთს და მათგან რომელიმეს აუცილებლად 14 მოგება მოუგროვდება.
ასეთ დაძაბულ და სანახაობრივ ფინალს ალბათ არავინ ელოდა.